შალვა პაპუაშვილი დონალდ ტუსკის განცხადებაზე – საუბარი, რომ ვიღაცას რაღაც გემოში არ მოსდის ქართული დემოკრატია, ყურით მოტანილი არგუმენტია – ეს არის პოლიტიკური ვენდენტა ქართველი ხალხის წინააღმდეგ იმიტომ, რომ არჩევნებში დამარცხდნენ

საუბარი იმაზე, რომ ვიღაცას რაღაც გემოში არ მოსდის ქართული დემოკრატია, ეს არის ყურით მოტანილი არგუმენტი, რომელსაც საფუძველიც არ აქვს. ეს არის პოლიტიკური ვენდენტა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, იმიტომ, რომ დამარცხდნენ არჩევნებში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებას საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე დაკავშირებით.
როგორც მან აღნიშნა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს საკითხი საკუთარ გამოსვლაში დამატებითი ხმების მოპოვების გამო გამოიყენა.
„შემაშფოთებელია, როდესაც არის მცდელობა პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენონ სხვა ხალხი. ჩვენ ვიცით, რომ გუშინ პრემიერ ტუსკს პოლონეთის პარლამენტში ჰქონდა ნდობის გამოცხადებასთან დაკავშირებით კენჭისყრა და იმისთვის, რომ რამდენიმე ხმით მეტის გარანტია ჰქონოდა, მოხდა ქართველი ხალხის და ქართული თემის, საკითხის გამოყენება პოლიტიკური მიზნით და კონსერვატორულ ხაზზე დაჯდომის მცდელობა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს როგორ იოლად სწირავენ ქართველ ხალხს-ხოლმე საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის. საუბარი, თითქოს ქართველები რაღაცას აშავებენ პოლონეთში, ან ბევრნი არიან, არასერიოზულია. შეგიძლიათ ნახოთ სტატისტიკა, მათ შორის პოლონეთში, უცხოელი მიგრანტების ქცევიდან გამომდინარე. გარწმუნებთ, რომ ნახავთ პოლონეთის მეზობელ ქვეყანას, რომელიც რაოდენობრივად, მათ შორის სხვადასხვა დარღვევებიდან გამომდინარე, სტატისტიკურად უფრო მეტია. ძალიან სამწუხაროა, რომ ასე პოლიტიკური მიზნებისთვის მოხდა ქართველების და ქართული საკითხის გამოყენება იმისთვის, რომ რამდენიმე ხმით მეტი მიეღო პარლამენტში ნდობის გამოცხადების დროს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ქართველი ხალხის მიმართ არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას. პოლონეთის მოქმედი მთავრობა, მოქმედი პრემიერი, მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი არიან ს ლობისტები. შეგახსენებთ ევროპის სახალხო პარტიის ყრილობებს.
ამასთან, სხვა ქვეყნებისა თუ ორგანიზაციების კეთილსინდისიერებაზე ჩვენ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ. სამწუხაროდ, არაკეთილსინდისიერ ქცევას ვხედავთ და მათ შორის, მაგალითად მოვიყვან საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2010 წელს დადებულ ხელშეკრულებას დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, რომელიც დაარღვია ევროკავშირმა.
რაც შეეხება დემოკრატიულობის შეფასებას, ევროკავშირმა 2010 წელს სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმის ელიტას მისცა უვიზო მიმოსვლა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის, შემდეგ ქართველ ხალხს გვალოდინეს კიდევ 7 წელი. 2017 წელს ხალხისთვის გახდა უვიზო მიმოსვლა შესაძლებელი, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში და იმუშავა, ხალხს რომ მიეღო უვიზო მიმოსვლა. საუბარი იმაზე, რომ ვიღაცას რაღაც გემოში არ მოსდის ქართული დემოკრატია, ეს არის ყურით მოტანილი არგუმენტი, რომელსაც საფუძველიც არ აქვს. ეს არის პოლიტიკური ვენდენტა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, იმიტომ, რომ დამარცხდნენ არჩევნებში“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა პარლამენტში არალეგალურ მიგრაციაზე ისაუბრა და ამ კონტექსტში საქართველო ახსენა.
კერძოდ, ტუსკის თქმით, მზად არის, არსებული მეთოდები გამოიყენოს, საერთაშორისო სამართლის შესაცვლელად, რათა არალეგალური მიგრაციის რისკი, მინიმუმამდე შემცირდეს.
პოლონეთის პრემიერის თქმით, საჭირო უმრავლესობას ქმნის, რათა შეზღუდოს ან შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა, მათ შორის საქართველოსთან.
ამასთან, ტუსკმა ხაზი გაუსვა, რომ საკითხი მხოლოდ საქართველოს არ ეხება, არამედ იმ ქვეყნებსაც, საიდანაც მიგრაცია პირდაპირ საფრთხეს უქმნის სამართლებრივ ან საზოგადოებრივ წესრიგს პოლონეთში ან ევროპაში.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – ჩვენ შეიძლება გვქონდეს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს შეურაცხყოფა მივაყენოთ, ფიზიკურად გავუსწორდეთ – ერთმანეთის მიმართ სიყვარულს არავინ ითხოვს, მაგრამ პატივისცემა უნდა გვქონდეს