თუ ეს სამი პარტია აიკრძალება, ამის შედეგი იქნება ქართული პოლიტიკის დერადიკალიზაცია, იქნება შესაძლებლობა, რომ დემოკრატიული სივრცე შეიქმნას, რომ ყველა აზრი და იდეა გამოთქმული იყოს დემოკრატიული სივრცის შესაბამისი სახით,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ვინაიდან საკონსტიტუციო სარჩელი ფიზიკურად უნდა იყოს შეტანილი სასამართლოში, მათი წარმომადგენელი გაემგზავრა, რომ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანოს, ხოლო როცა პროცესი მოახლოვდება, შემდგომ დაასახელებენ, ვინ იქნებიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები.
მისივე თქმით, თუ არიან პოლიტიკური პარტიები, რომლებიც „რადიკალიზმის, კონსტიტუციური წყობილობის დამხობისა და დემოკრატიის ძირის გამოთხრის ფლაგმანები არიან“, მაშინ მათი დემოკრატიული სივრცის სარგებლობა უნდა შეიზღუდოს.
„ნებისმიერ დემოკრატიაში, როდესაც არიან პოლიტიკური პარტიები, რომლებიც რადიკალიზმის, კონსტიტუციური წყობილობის დამხობისა და დემოკრატიის ძირის გამოთხრის ფლაგმანები არიან, ნებისმიერი დემოკრატიის ვალდებულებაა, რომ ამგვარი რადიკალური პარტიებისთვის დემოკრატიული სივრცის სარგებლობა შეზღუდოს. ამიტომ, ნებისმიერი დემოკრატიის ვალდებულებაა რადიკალიზმზე რეაქცია. იმ შემთხვევაში, თუ კი ეს სამი პარტია, რომელთან დაკავშირებითაც მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს, აიკრძალება, ამის შედეგი იქნება – ქართული პოლიტიკის დერადიკალიზაცია. იქნება შესაძლებლობა, რომ დემოკრატიული სივრცე შეიქმნას, რომ ყველა აზრი და იდეა გამოთქმული იყოს დემოკრატიული სივრცის შესაბამისი სახით და არა რადიკალური, ექსტრემისტული და ტერორისტული მიდრეკილებების მქონე ჯგუფებისგან“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ასევე, შალვა პაპუაშვილი საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკასაც პასუხობს და აცხადებს, რომ „ზოგიერთები გეოპოლიტიკური კრიტერიუმებით აფასებს სამყაროს და არა სამართლებრივი კრიტერიუმებით“.
„პრაქტიკა, რა თქმა უნდა, არსებობს, ჩვენ ეს ვნახეთ უკრაინაში, მოლდოვაში და სხვა ქვეყნებში, ასევე გერმანიაში ჯერ კიდევ განიხილება ერთ-ერთი პარტიის აკრძალვა, რომელსაც ერთ-ერთი მაღალი მხარდაჭერა აქვს. საქართველოსთან დაკავშირებით კი მე ამას ორმაგ სტანდარტსაც ვერ დავარქმევდი, ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთის თვალში ქართველი ხალხი არის მეორე ხარისხოვანი, გამოდის, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება გვქონდეს ისეთივე ინსტრუმენტები, რომლებიც სხვა დემოკრატიულ ხალხებსა თუ საზოგადოებებს აქვს. ამიტომ ამგვარი დამოკიდებულება გასაკვირი არ არის.
როდესაც, ჩვენ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ერთ-ერთ საარჩევნო საკითხად ვაყენებდით „ნაცმოძრაობის“ და რეჟიმის კონსტიტუციურ-სამართლებრივ გასამართლებას და როდესაც ერთ-ერთ ელჩს ვხვდებოდი, მან წუხილი გამოთქვა პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით. მაშინ მე მას ვუთხარი – კი მაგრამ უკრაინაში, მოლდოვაში ხომ აკრძალეს, მისი პასუხი იყო, რომ ისინი პრორუსული პარტიები იყვნენ. ასე გეოპოლიტიკური კრიტერიუმებით აფასებს სამყაროს ზოგიერთი და არა სამართლებრივი კრიტერიუმებით. გამოდის, რომ თუ პარტია პრორუსულია – ის აპრიორი ასაკრძალია, აიკრძალება და კაციშვილი ამაზე ხმას არ ამოიღებს, როგორც ხმა არ ამოიღეს მოლდოვის და უკრაინის შემთხვევაში. თუ კი პარტია რადიკალურია და კონსტიტუციური წყობილობის დამხობის რამდენიმე მცდელობა ჰქონდა, მას ყველაფერი ეპატიება, თუ რომელიმე ევროკომისარი ჩაეხუტება, ასე ყოფენ სამყაროს, ეს არის წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის უპატივცემულობა“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 
				 
								
 
								

