შალვა პაპუაშვილი გიორგი სიორიძეზე – ეს არის ჩასაფრებული მოადგილე, რომელიც ელოდება ცესკო-ს თავმჯდომარეს რამე დაემართოს, რომ ის გახდეს თავმჯდომარე – გეგმები იხლართებოდა, რომ არჩევნები „ლელოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს ჩაეტარებინა

ეს არის ჩასაფრებული მოადგილე, რომელიც ელოდება ცესკო-ს თავმჯდომარეს რამე დაემართოს, რომ ის გახდეს თავმჯდომარე. რაღაც გეგმები იხლართებოდა იმისთვის, რომ ოქტომბერში არჩევნები „ლელოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს ჩაეტარებინა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ცესკო-ს თავმჯდომარის ოპოზიციონერ მოადგილესთან, გიორგი სიორიძესთან დაკავშირებით განაცხადა.
მან ასევე საარჩევნო სისტემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციას ყველანაირი სპეკულაციის საბაბი მოესპო.
„ეს არის ქართველი ხალხის გამარჯვება, რომ ოპოზიციამ არჩევნების დღესთან დაკავშირებით საუბარი შეწყვიტა. გახსოვთ, რომ ამაზე მთელი სპეკულაციები ჰქონდათ აწყობილი, დიდი მუშაობა დაგვჭირდა იმისთვის, რომ ისეთი სისტემები მოგვეფიქრებინა, რომელიც ოპოზიციას სპეკულაციისთვის ყველანაირ საბაბს მოუსპობდა, არჩევნების დღეზე ვეღარც კი საუბრობენ. მხოლოდ იმ ნაბიჯმა, რომ ელექტრონული მთვლელები შემოვიღეთ, ამ დისკუსიას წერტილი დაუსვა. რაც შეეხება წინასაარჩევნო გარემოს, ჩვენი უპირველესი ინტერესია, წინასაარჩევნო გარემო მშვიდი იყოს, „ქართული ოცნება“ მომავალ არჩევნებს იგებს, ამიტომ ჩვენი ინტერესია, რადიკალურ ოპოზიციას საბაბიც კი არ ჰქონდეს, რომ იგივე გაიმეოროს, რაც 2016 წელს, 2020 წელს გააკეთეს, როცა შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადეს. NDI-ის გრძელვადიანი დამკვირვებლების მისიასთან შეხვედრა მქონდა, მათ შორის, ამ საკითხებზეც მქონდა საუბარი. მნიშვნელოვანია ასეთი მისიები, რომლებიც იმას დააზღვევენ, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ, მათთან დაკავშირებულმა „ენჯეოებმა“ დეზინფორმაციით არ გააკეთონ იგივე, რასაც აკეთებდნენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე განმარტებით, ცესკო ერთპარტიული ვერ იქნება, რადგან „ქართულ ოცნებას“ 17 წევრიდან მხოლოდ ერთი წარმომადგენელი ჰყავს.
„აბსოლუტური სისულელეა ერთპარტიულობაზე საუბარი, მაშინ როცა, ცესკო-ში „ქართულ ოცნებას“ 17-დან ერთი წარმომადგენელი ჰყავს, ხოლო ოპოზიციას 7 თუ 8 წარმომადგენელი ჰყავს პარტიული ხაზით. რაც შეეხება ოპოზიციურ მოადგილეს, ეს სერიოზული საკითხია, ამ ცვლილებით, ოპოზიციური მოადგილისთვის, ახლა ვინც არის – „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრისთვის, არაფერი იცვლება. მას როგორც ჰქონდა ერთი ხმა, ის ერთი ხმა ექნება, რასაც აქამდე აკეთებდა, ზუსტად იმავეს გააკეთებს. იმ კანონში ეწერა სამწუხაროდ, რომ ამ პარტიულ მოადგილეს, ჩასაფრებული მოადგილის პოზიცია ჰქონდა, ჩასაფრებული უნდა ყოფილიყო, როდის გადაუბრუნდებოდა ფეხი თავმჯდომარეს, მოვალეობა ვერ შეესრულებინა, რომ მერე თავმჯდომარის სავარძელში ჩამხტარიყო, ეს არის ერთადერთი ფუნქცია, რომელიც მას ეწერა. აქ კითხვა ისმის, ვინც ჩვენ მოგვიწოდებს, რომ ეს დარჩეს, რა მიზნები და განზრახვები აქვს სინამდვილეში, რა ჩანაფიქრია? იმედოვნებენ, რომ რამენაირად ჩამოიცილებენ არჩეულ თავმჯდომარეს და „ლელოს“ პოლიტსაბჭოს ჩაატარებინებენ არჩევნებს. ეს ეჭვები ნელ-ნელა ჩნდება, მათი მთავარი მიზანია, რომ ეს მოადგილის თანამდებობა შეინარჩუნონ, რომელიც თავის მხრივ, არაფერ დამატებით ფუნქციას არ ითვალისწინებს, ერთადერთი, ეს არის ჩასაფრებული მოადგილე, რომელიც ელოდება რამე დაემართოს ცესკო-ს თავმჯდომარეს, რომ ის გახდეს თავმჯდომარე. უკვე ეჭვები ჩნდება სერიოზული, რაღაც გეგმები იხლართებოდა იმისთვის, რომ ოქტომბერში არჩევნები „ლელოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს ჩაეტარებინა.
რაც შეეხება ადგილობრივ დამკვირვებლებს, ის, რომ პარტიული წარმომადგენელი ამავე დროს პოლიტსაბჭოს წევრია და ჩვეულებრივი პოლიტიკური სახეა, ეს არის საარჩევნო კოდექსის დარღვევა, არც ერთმა ადგილობრივმა ორგანიზაციამ – საიამ, ISFED-მა და სხვებმა, არ მიუთითა „ლელოს“ და ამ წევრს, რომ ის ვალდებულია, ნეიტრალიტეტი დაიცვას, ყველამ თვალი დახუჭა, აქედანვე ჩანს, შეკრულები არიან, როგორც რადიკალური ოპოზიცია, ასევე ზოგიერთი ადგილობრივი ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაცია, ოქტომბრის არჩევნების დისკრედიტაციისთვის ემზადებიან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 1 მლრდ 600 მილიონი დოლარი, ასევე საქართველოს შარშან ეწვია 48 ათასზე მეტი ტურისტი, რაც 6,5-ჯერ აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს