პარტიების და მედიების წარუმატებელი რევოლუციის შემდეგ, რუსთაველის სცენა ამჯერად „ენჯეოებმა“ დაიკავეს და მორიგი რევოლუციური სცენარიც ამუშავდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მე-10 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „ენჯეოები“, რომლებიც, „ტრადიციულად მხოლოდ დონორების კეთილგანწყობაზე ფიქრობენ და ხალხთან კონტაქტი არ აქვთ, რა თქმა უნდა, აქაც ასცდნენ საზოგადოების განწყობას და რევოლუციის ეს მცდელობაც ჩაიშალა“.
„ჯერ კიდევ პირველი იერიშების მოგერიების რეჟიმში მყოფმა უკრაინამ 2022 წლის 28 თებერვალს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შეიტანა. მის მაგალითს შექმნილ ვითარებაში მოლდოვამ და საქართველომაც მივბაძეთ. 23 ივნისს უკრაინას და მოლდოვას ევროკომისიამ წევრობის სტატუსი მიანიჭა, საქართველო კი, რომელიც ყველა პარამეტრით ორივე ქვეყანას უსწრებდა და დღემდე უსწრებს, უსტატუსოდ დატოვა. ერთადერთი შედეგი, რაც ამ პოლიტიკურად მოტივირებულმა გადაწყვეტილებამ მოიტანა, ეროვნული ინტერესების საპირისპიროდ და საომარი დღის წესრიგის სასარგებლოდ რადიკალური მოძრაობის წახალისება იყო.
პარტიების და მედიების წარუმატებელი რევოლუციის შემდეგ, რუსთაველის სცენა ამჯერად „ენჯეოებმა“ დაიკავეს და მორიგი რევოლუციური სცენარიც ამუშავდა. წინა პლანზე გამოვიდნენ ძალები, რომელთა შესახებაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნებში ეწერა, რომ ხელისუფლების ყველა დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში უნდა ყოფილიყვნენ ჩართულები და ყველაფერი მათი მონაწილეობითა თუ შეფასებით უნდა გაკეთებულიყო. მათაც, ამ წაქეზებით გათამამებულებმა, არ დააყოვნეს და მოითხოვეს – პარლამენტმა გადააყენოს მთავრობა, ხოლო ახალი მთავრობა დაკომპლექტდეს „ენჯეოების“ მონაწილეობით, სადაც მათ ვეტოს უფლება ექნებოდათ. „ენჯეოები“, რომლებიც, ტრადიციულად მხოლოდ დონორების კეთილგანწყობაზე ფიქრობენ და ხალხთან კონტაქტი არ აქვთ, რა თქმა უნდა, აქაც ასცდნენ საზოგადოების განწყობას და რევოლუციის ეს მცდელობაც ჩაიშალა.
თუმცა, უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების ხელისუფლებისთვის ბრძოლის სცენაზე აყვანა, დონორებისთვის ჩვენნაირად გახსნილი ქვეყნისთვისაც კი, უკვე მეტისმეტი იყო. არაერთ შეხვედრაზე ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ სხვა ქვეყანაში ფულის ხარჯვა მხოლოდ ბუღალტერია არ არის და დონორებმა მათი დაფინანსებული ენჯეოების ქმედებებზე პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ. ამისთვის ყველაზე მარტივი გზა კი დაფინანსების გამჭვირვალობასა და ქართველი ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულებაში იყო. თუმცა პასუხად ყრუ კედელს ვაწყდებოდით. დონორები კონცენტრირებული იყვნენ საკუთარ გეგმებზე, ქართველი ხალხის წუხილი კი მათთვის მეორეხარისხოვანი აღმოჩნდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნების ყალბი შედეგების გავრცელებაში ISFED-თან ერთად USAID იყო ჩართული.
მისი თქმით, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქართულმა საზოგადოებამ ამხილა ის, რაც, ოთხი წლის შემდეგ, აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ გამოააშკარავა.
„თქვენ გახსოვთ ორი ვადის ამოწურვის შესახებ კამპანია, უცხო ქვეყნების ელჩების დემოკრატიის გაკვეთილები კოალიციური მმართველობის სიკეთეებზე და მსგავსი მინიშნებები. 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ” დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, რომელსაც „ნაცმოძრაობის“ ირგვლივ კონსოლიდირებულმა ოპოზიციამ ტრადიციულად გაყალბებული უწოდა. ჩვენ ვიხილეთ რამდენიმეკვირიანი კამპანია, დემონსტრაციები და ცესკოსთან გამართული პროტესტი, რომელიც ენჯეო „სამართლიანი არჩევნების“ გაყალბებულ პარალელური დათვლის შედეგს ეფუძნებოდა. მეათე მოწვევის პარლამენტი 2020 წლის 11 დეკემბერს შეიკრიბა და დააანონსა, რომ შექმნიდა საგამოძიებო კომისიას, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად პარალელური დათვლის შედეგების გაყალბების საკითხსაც შეისწავლიდა. იმავე დღეს, საპარლამენტო გამოძიებით შეშინებულ „სამართლიან არჩევნებს“ საკუთარი ტყუილის საჯაროდ აღიარება მოუწია. მოგვიანებით კი სხვა აღიარებაც მოვისმინეთ, რომ ყალბი შედეგების გავრცელებაში „სამართლიანი არჩევნების“ დონორი, აშშ-ის განვითარების სააგენტოც (USAID) იყო ჩართული. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქართულმა საზოგადოებამ ამხილა ის, რაც, ოთხი წლის შემდეგ, აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ გამოააშკარავა. კერძოდ ის, რომ USAID გამოიყენებოდა ხელისუფლებების დესტაბილიზაციისთვის და სახალხო დემოკრატიის გარედან მართული დემოკრატიით ჩანაცვლებისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
