შავი ფულის ბაზარი თუ შეღავათები ბიზნესს – აქცევს თუ არა „ოფშორების კანონი“ საქართველოს სანქცირებული რუსი ოლიგარქების გამტარ ქვეყნად?

საქართველოს პარლამენტმა ე.წ. „რუსული კანონის“ განხილვის პარალელურად, დაჩქარებულად განიხილა და ორ დღეში სამი მოსმენით დაამტკიცა ოფშორულ ზონებთან დაკავშირებული საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები. ცვლილებები ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ კომპანიებს გადასახადებისგან ათავისუფლებს, თუკი ისინი თავიანთ აქტივებს საქართველოში დარეგისტრირებულ კომპანიას გადაუფორმებენ.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში მიზნად არის დასახელებული, რომ „ეს წაახალისებს ოფშორებიდან საქართველოში აქტივების გადმოტანის პროცესს“. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ცვლილების მიზეზი ის არის, რომ ოფშორულ ზონებში „მეტი გამჭვირვალობაა, მეტი მონიტორინგია და გადასახადებმა მოიმატა“, ამიტომ მისი თქმით, კომპანიები ასეთი ზონების დატოვებას აპირებენ.
ოპოზიციის და ექსპერტების დიდი ნაწილის თქმით, ეს კანონი სა და რუსი ბიზნესმენების ქონების გადასარჩენად მიიღო და შიშობენ, რომ ამით საქართველო „შავი ფულის ბაზარი“ გახდება.
საქართველოს ეროვნული ბანკი ოფშორულ ქვეყნებთან დაკავშირებით საგადასახადო კოდექსში შესულ ცვლილებებს ეხმაურება და სიცრუეს უწოდებს, რომ ამით გაიზრდება სანქციების დარღვევის რისკი.
„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ “საგადასახადო კოდექსში” ცვლილებების შეტანა, რომელიც ეხება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და პარტნიორი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის მოგების/საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას, არ ეხება და არ არეგულირებს საბანკო ტრანზაქციებს, ვინაიდან თანხის ჩარიცხვა/გადმორიცხვა ცალკე გადასახადით არ იბეგრება“, – აცხადებენ სებ-ში.
თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლების და ეროვნული ბანკის განცხადებების მიუხედავად, საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) ეროვნულმა კომიტეტმა გამოაქვეყნა შეფასება იმის შესახებ, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს ოფშორული ზონებიდან საქართველოში აქტივების გადმოტანის საგადასახადო შეღავათმა საქართველოს საინვესტიციო სტატუსზე. ICC-ის შეფასებით, „ოფშორის კანონი“ სახიფათოა და ზრდის რისკს, რომ ქვეყანა გახდეს ფულის გათეთრების, სანქცირებული რუსი ოლიგარქების გამტარი.
მსგავსი შეფასება აქვთ ISET-შიც, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კანონი საქართველოს საგადასახადო ხვრელად ქცევის რისკებს წარმოშობს, რაც აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას, ასევე წარმოშობს რისკებს რომ ქვეყანაში საეჭვო წარმომავლობის კაპიტალი შემოვიდეს. კიდევ ერთი საკითხი, რასაც ISET-ის კვლევა მიუთითებს, არის კეთილსინდისიერი უცხოელი ინვესტორების მიერ საქართველოს მიმართ ინტერესის შემცირება, რადგანაც თუკი საქართველოს შესახებ გაჩნდება აღქმა რომ ეს არის გაუმჭვირვალე კაპიტალის დაბანდების ადგილი, მაშინ კეთილსინდისიერი ინვესტორები ქვეყანასთან ურთიერთობას თავს აარიდებენ. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის შეფასება ასევე ხაზს უსვამს იმას, რომ ოფშორების საგადასახადო შეღავათმა შეიძლება დაარღვიოს ისეთი ორგანიზაციების სტანდარტები, როგორიცაა FATF და OECD-ის BEPS-ის მითითებები.
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს შეფასებითაც, ბიზნესის ნაწილისთვის ოფშორის გამოყენების მთავარი მიზეზი კონფიდენციალურობა და ფულის წარმომავლობის გადამოწმების დაბალი სტანდარტებია, თუმცა, ეს იმავდროულად ფულის „გათეთრების“ შესაძლებლობას ამარტივებს.
ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ფულის გათეთრების რისკი რა თქმა უნდა არსებობს, თუმცა ასე ხელარებით იმის თქმა, რომ ოფშორებში რეგისტრირებული ყველა კომპანია კრიმინალია, სწორი არ იქნება.
„წლების განმავლობაში ოფშორში რეგისტრაციაზე ორი მთავარი მოტივაცია არსებობდა: პირველი – იდენტობა დაგემალა და გადასახადების რეჟიმიც გაცილებით შეღავათიანი იყო. ჭრელი სურათია ოფშორებში და ასე ვერ იტყვი, რომ ყველა, ვინც ოფშორშია, კრიმინალია, თუმცა რა თქმა უნდა რისკი არსებობს და ის ძალიან მაღალია.
სინამდვილეში ეს კანონი კიდევ უფრო საეჭვოს ხდის ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას. ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ეს არის ერთი მდიდარი ადამიანის მიერ კონტროლირებადი ქვეყანა, რომელსაც უდიდესი გავლენა აქვს როგორც პარლამენტზე, ისე სასამართლოზე, მთავრობაზე და ა.შ. ამიტომ ინვესტორებისთვის საქართველოში შემოსვლა, დიდი ალბათობით, მომხიბლავი არ იქნება, მიუხედავად საგადასახადო შეღავათების”, – ამბობს ფინანსისტი.
აღსანიშნავია, რომ ცვლილებებით, ოფშორული ზონებიდან საწარმოს გადმოტანის ანუ, კანონის თანახმად, ოფშორში რეგისტრირებული „საწარმოს ყველა აქტივზე (მათ შორის, წილზე/აქციაზე) საკუთრების უფლების, 2028 წლის 1-ელ იანვრამდე საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში“, შეღავათიანი პირობები იმოქმედებს, რიგ შემთხვევაში 2030 წლამდე. შეგახსენებთ, რომ საქართველოში მოგების გადასახადი 15%-ია, საშემოსავლო – 20%, იმპორტის გადასახადი კი 5% ან 12%, საქონლის სახეობების მიხედვით.