შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, StrategEast-თან თანამშრომლობით, Oracle Academy-ის პროგრამებს იწყებს, რაც სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს ტექნოლოგიური განვითარების ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. ინფორმაციას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ინფორმაციული ტექნოლოგიების სწავლება, შესაბამისი უნარების განვითარება და Oracle Academy-ის რესურსების სასწავლო პროგრამებში ინტეგრირება, სტუდენტებს წარმატებული ტექ-კარიერის შექმნაში დაეხმარება, რაც მათ კონკურენტულს გახდის სამუშაო ბაზარზე. ასევე, პარტნიორობის ფარგლებში, შეიქმნება სრულყოფილი კურიკულუმი Oracle-ის ძირითადი ტექნოლოგიების შესახებ, მათ შორის არის პროგრამული უზრუნველყოფა სწავლებისა და არაკომერციული აკადემიური კვლევისთვის და სხვადასხვა რელევანტური სასწავლო პროექტი.
„გარდა ამისა, Oracle Academy უზრუნველყოფს რესურსებს აქტიური სწავლების მეთოდის (The Flipped Classroom), დამატებითი/დამხმარე სწავლების მეთოდის (The Supplemental Learning), სერტიფიცირების რესურსებისა და მასწავლებლის პროფესიული განვითარების მიმართულებით. პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს წვდომა ექნებათ უახლეს ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებთან, რაც ინოვაციების სტიმულირების განმაპირობებელი ფაქტორია.
Oracle Academy-ის რეგიონული დირექტორის, დენი გორისის შეფასებით, „თანამშრომლობა აძლიერებს უნივერსიტეტებსა და სკოლებს, ხოლო სტუდენტებს უპრეცედენტო წვდომას აძლევს Oracle-ის მოწინავე ტექნოლოგიებზე, საგანმანათლებლო რესურსებსა და ინდუსტრიის გამოცდილებაზე; ამზადებს მათ, რომ გახდნენ მომავლის ლიდერები ციფრულ ეკონომიკაში. Oracle Academy-ის პროგრამების დანერგვა მნიშვნელოვანი ეტაპია IBSU-თვის, რაც ხაზს უსვამს ჩვენს მხარდაჭერას უზრუნველყოს გლობალური სტანდარტების შესაბამისი ხარისხიანი განათლება. მოხარულები ვართ, ჩვენი პარტნიორობის პოტენციალით და მოუთმენლად ველით, ვნახოთ თუ როგორ იყენებენ სტუდენტები და სკოლები ხარისხიან და ღირებულ საგანმანათლებლო რესურსებს.“
IBSU-ს რექტორის, კახა შენგელიას განცხადებით, “Oracle Academy-თან პარტნიორობა დიდ პერსპექტივას უქმნის უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს. მნიშვნელოვანია, რომ ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ სფეროებში თანამშრომლობა მხარს უჭერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთ-ერთ ღირებულებას – ინოვაციას, რათა უზრუნველყოს ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასწავლო გარემო და ხელი შეუწყოს ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და ინტერნაციონალიზაციას.”
Oracle Academy, Oracle-ის გლობალური საქველმოქმედო საგანმანათლებლო პროგრამაა, რომელიც ეხმარება პროფესორ-მასწავლებლებს, მიიღონ ტექნოლოგიური განათლება, უნარები და ისარგებლონ უფასო თანამედროვე სასწავლო რესურსებით. ასევე, ხელს უწყობს ინოვაციური და ინკლუზიური განათლების განვითარებას. IBSU პირველი კერძო უნივერსიტეტია საქართველოში, რომელსაც 29-წლიანი გამოცდილება აქვს საგანმანათლებლო ბაზარზე და სტუდენტებს სთავაზობს 50-მდე აკრედიტებულ ინგლისურენოვან და ქართულენოვან საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებს. წელს უნივერსიტეტმა სტუდენტების პირველი ნაკადი მიიღო ახლად აკრედიტებულ დიპლომირებული მედიკოსის და ფსიქოლოგიის ინგლისურენოვან პროგრამებზე.
IBSU ორიენტირებულია მოთხოვნად პროფესიებზე, რაც უზრუნველყოფს დასაქმების მაღალ, 93%-იან მაჩვენებელს. ასევე, უნივერსიტეტი გამორჩეულია მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამებით, შიდა გრანტებით, სტუდენტური კლუბებით, ინტერნაციონალური გარემოთი და მდიდარი ბიბლიოთეკით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.