შავი ზღვის კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა 1 თვეში დასრულდება – სსე-ის წარმომადგენელი

2026 წლიდან შესაძლებელია, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღება და მისი შემდგომი განხორციელება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სსე-ის სისტემათაშორისი ხელშეკრულებებისა და საერთაშორისო ინტერკონექციის დეპარტამენტის უფროსმა, ნოდარ რუაძემ განუცხადა. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.
ნოდარ რუაძის თქმით, საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა 1 თვეში დასრულდება და კაბელის პოტენციურ მომწოდებლებთან კომუნიკაცია უკვე მიმდინარეობს.
„ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის ერთ-ერთი კომპონენტი არის კაბელების პოტენციურ მომწოდებლებთან ურთიერთობა, განსაზღვრა, რა ფასად შეუძლიათ კაბელის მწარმოებლებს, რომ მოაწოდონ კონკრეტულ პროექტს ეს ტექნოლოგია. პირდაპირ გვაქვს კონტაქტი ამ მწარმოებლებთან და რა თქმა უნდა, არის მზაობა, როდესაც იქნება დაგეგმილი მშენებლობის ეტაპი, მათი მხრიდან მოხდება მოწოდება. თუმცა, რა თქმა უნდა, ესეც უნდა მოხდეს მომწოდებლის შერჩევის გზით. ხაზგასასმელია, რომ მსოფლიოში დიდი კონკურენცია არაა, რამდენიმე მწარმოებელია“, – აღნიშნა სსე-ის წარმომადგენელმა.
მისივე თქმით, პროექტი მოითხოვს კერძო ინვესტიციას და მხოლოდ სახელმწიფოს ჩართულობით მისი განხორციელება რთული იქნება.