რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის სავარაუდო სქემამ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ყურადღება მიიქცია. თემთა პალატის წევრი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის გუნდის წარმომადგენელი ფილ ბრიკელი ოფიციალურ ლონდონს მოუწოდებს, შეისწავლოს საეჭვო კავშირები ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ტერმინალის მფლობელებსა და რუსეთის სამხედრო დაზვერვის მაღალჩინოსნებს შორის.
ბრიტანელი პოლიტიკოსის განცხადება ეფუძნება რუსი საგამოძიებო ჟურნალისტების გამოძიებას, რომელმაც გამოავლინა შესაძლო ბიზნესინტერესები ყულევის ენერგოობიექტის მფლობელებსა და რუსეთის სამხედრო დაზვერვას შორის.
ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ყულევის ქარხნის მფლობელის მაკა ასათიანის შვილი და რუსეთის სამხედრო დაზვერვის უფროსის მოადგილის ვაჟი ბიზნესპარტნიორები არიან და ერთობლივად ფლობენ ნავთობის ბიზნესს.
სწორედ ამ კავშირების გამო დაინტერესდა თემთა პალატა ქართული ტერმინალის რუსული კონტაქტებით. საქმე იმაშია, რომ რამდენიმე კვირის წინ დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის ომის მხარდაჭერის გამო დაასანქცირა კომპანია „რუსნეფტი“, რომელმაც ნოვოროსიისკის პორტიდან ყულევის ტერმინალში რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემით 105 ათასი ტონა ნავთობი შეიტანა.
სანქციების გამოცხადების შემდეგ ბრიტანეთის საელჩომ საქართველოს მოუწოდა, უზრუნველყო დაწესებული შეზღუდვების დაცვა და გაეძლიერებინა ძალისხმევა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ მეშვეობით ნავთობის იმპორტის აღსაკვეთად.
თუმცა, ამის ნაცვლად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ყულევის ტერმინალის დაფინანსება კიდევ უფრო გაზარდა, რაც დამატებით კითხვებს აჩენს სანქციების რეალურ შესრულებასთან დაკავშირებით.




