ყულევის პორტს ევროკავშირის სანქციები ემუქრება

რადიო თავისუფლების ცენტრალურმა სამსახურმა მოიპოვა ევროკომისიის მიერ შემუშავებული შეთავაზება ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტთან დაკავშირებით.
„ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ იქ რაიმე ისეთი ხდება, რაც ეწინააღმდეგება სასანქციო პოლიტიკას“, – განუცხადა ირაკლი კობახიძემ რადიო თავისუფლებას და ევროკომისიისთვის დეტალური განმარტების მიცემის მზაობა გამოხატა.
· რუსეთისა და ბელარუსის საწინააღმდეგო სანქციების ბოლო, მე-19 პაკეტი ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა 2025 წლის ოქტომბერში მიიღეს.
სანქცირების მოთხოვნის მიზეზი
სანქციების მე-20 პაკეტისთვის ევროკომისიის მიერ მომზადებული დოკუმენტი მოიცავს სიას, რომლითაც, სხვა საკითხებთან ერთად, მოთხოვნილია:
· რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ დამატებით 43 გემის სანქცირება;
· რუსული თხევადი ბუნებრივი გაზით (LNG) დატვირთული ტანკერებისათვის ტექნიკური მომსახურების სერვისების აკრძალვა;
· რუსეთსა და „მესამე ქვეყნებში“ ოთხ კონკრეტულ საპორტო ტერმინალთან ტრანზაქციების აკრძალვა.
სწორედ ამ უკანასკნელ კატეგორიაშია გაყვანილი ყულევის პორტი.
კერძოდ, ყულევის პორტი დასახელებულია სიაში, რომელიც ეხება „რუსეთს გარეთ, მესამე ქვეყნებში არსებულ პორტებს“.
სანქცირების საჭიროება კი დოკუმენტში ასეა დასაბუთებული:
„[ყულევის პორტი] გამოიყენება ნედლი ნავთობის ან ნავთობპროდუქტების საზღვაო ტრანსპორტირებისთვის, რომლებიც წარმოებულია რუსეთში ან ექსპორტირებულია რუსული გემებით, რომლებიც იყენებენ არარეგულარულ და მაღალი რისკის მქონე გადაზიდვის პრაქტიკას“.
ამავე წყაროს თანახმად, ეს პრაქტიკა
მეორე ასეთივე პორტი, რომლის სანქცირებაცაა მოთხოვნილი, ინდონეზიაში მდებარეობს.
თბილისის რეაქცია
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ამ საკითხზე რადიო თავისუფლების კითხვაზე პასუხად დღეს, 9 თებერვალს განაცხადა:
„ჩვენ მზად ვართ დეტალური ინფორმაცია წარვუდგინოთ ევროკომისიას კონკრეტულად ამ თემასთან დაკავშირებით. მზად ვართ, რა თქმა უნდა, მსჯელობისთვის“.
„ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ იქ რაიმე ისეთი ხდება, რაც ეწინააღმდეგება სასანქციო პოლიტიკას“, – განაცხადა მან.
რადიო თავისუფლება ასევე დაუკავშირდა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს კითხვებით:
1) ადასტურებს თუ არა სააგენტო, რომ ყულევის პორტი გამოიყენებოდა მსგავსი მიზნებისთვის
2) რა მექანიზმები აქვს სახელმწიფოს იმისთვის, რომ პორტებში შემოსული/გასული ტვირთის წარმოშობა და ტრანსპორტირების სქემა კონტროლდებოდეს სანქციების შესაძლო გვერდის ავლის თავიდან ასარიდებლად.
პასუხის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.
ყულევის პორტის შესახებ
2025 წლის ოქტომბერში რუსული გამოცემა „პროექტმა“ გამოაქვეყნა სტატია, რომლის თანახმადაც გამოავლინა კავშირები ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მფლობელ ოჯახსა და რუსეთის სამხედრო დაზვერვის (ГРУ) ხელმძღვანელობას შორის.
ამ წყაროს თანახმად, ქარხნის მფლობელი მაკა ასათიანი და მისი ბიზნესპარტნიორები დაკავშირებული არიან რუსულ ნავთობისა და ლოგისტიკის კომპანიებთან, რომელთა შემოსავლები მილიარდებს აღწევს.
„პროექტის“ ცნობით, ასათიანის პარტნიორის ოჯახის წევრი რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს (ГРУ) უფროსის მოადგილეა.

ასევე დაგაინტერესებთ