მოჭიდავე ლუკა-ელდარ კურტანიძეს, რომელიც ყოფილ ცოლზე ძალადობისა და შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევის გამო სისხლის სამართლის წესით დააკავეს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა გამოაცხადა.
მოსამართლემ არ გაითვალისწინა ადვოკატის შუამდგომლობა, რომელიც 50 000-ლარიანი გირაოთი მის გათავისუფლებას გულისხმობდა.
ლუკა კურტანიძეს ბრალად წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით გათვალისწინებული დანაშაული:
· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია);
· 11 პრიმა 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია);
· 11 პრიმა 381-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, ორი ეპიზოდი (ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა).
მოჭიდავე ლუკა კურტანიძე, ოლიმპიური თამაშების პრიზიორი, ყოფილი პარლამენტარი, ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი და შსს-ს აკადემიის ყოფილი პრორექტორი, ქობულეთში ყოფილ ცოლზე ძალადობის შემდეგ დააკავეს. ძალადობის კადრები გავრცელდა სოციალური ქსელითაც.
კადრებში ჩანდა, რომ პოლიცია ცდილობდა შეეჩერებინა ლუკა კურტანიძე, რომელიც ყოფილ ცოლისკენ გინებით მიიწევდა. ამ დროს ქალი ძირს დაეცა.
