YouTube არხზე რუსულენოვან 20 წუთიან ინტერვიუში ჟურნალისტ ვანო ჩოკორაისთან, აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივნისა და აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრისა და ყოფილი თავმჯდომარის ვახტან ყოლბაიას ერთად მონაწილეობამ, სოციალურ ქსელებში აფხაზური საზოგადოების ნაწილში შეშფოთება გამოიწვია.
აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი და ყოფილი დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა ონლაინ ეთერში ჟურნალისტ ვანო ჩოკორაიასთან, რომელსაც ასევე ესწრებოდა აფხაზეთის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს წევრი, ყოფილი თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, ამბობს, რომ “ქართულ-აფხაზური კონფლიქტი შვილებსა და შვილიშვილებს არ უნდა დავუტოვოთ და საჭიროა მშვიდობიანი თანაცხოვრების შესაძლებლობის ძიება”.
გადაცემაში შამბა-ყოლბაიას ერთობლივ მონაწილეობას “ეხოკავკაზასთან” ინტერვიუში გამოეხმაურა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ოპოზიციაში მყოფი ვეტერანთა ორგანიზაცია “არუაას” ლიდერი თემურ გულია, რომელმაც განაცხადა, რომ საუბარი ან რაიმე მოლაპარაკებები ნებისმიერ ფორმატში დევნილობაში მყოფ აფხაზეთის მთავრობასთან, შეუძლებელია.
“მე კითხვა გამიჩნდა, სანქცირებული იყო კი ეს ინტერვიუ აფხაზეთის ხელისუფლებასთან?” – ამბობს გულია.
ეხოკავკაზასთან ინტერვიუში გადაცემაში მონაწილეობაზე ისაუბრა აფხაზეთის სახალხო ერთობის ფორუმის ლიდერმა ასლან ბარციცმაც, რომელმაც თქვა, რომ ახალი რეალიების ფონზე სერგეი შამბა წარსულ დროში, 90-იან წლებში ჩარჩა, საქართველოსთან დიალოგი აფხაზეთისთვის დღეს არაფრის მომცემია.
“მე არაერთხელ მისაუბრია ამ თემაზე და აფხაზურ საზოგადოებაში ბევრს არ მოსწონს ჩემი პოზიცია, რასაც ხშირად ვაწყდები. თუმცა ყოველთვის ვამბობდი, რომ როდესაც არსებობს პრობლემა, ამაზე, პირველ რიგში, საუბარია საჭირო. არ არსებობენ ერები, მეზობლები, ახლობლები ან თუნდაც ნათესავები, რომელთაც არ უომიათ ერთმანეთში. მთელი ევროპა ამის მაგალითია. 30 წელია, შეგვეძლო უკვე რაღაც მოძრაობების დაწყება ერთმანეთის გასაგებად, თუმცა ეს ძალიან ნელი ტემპით ხდება. ყოველთვის მხარს ვუჭერდი სახალხო დიპლომატიას და როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი, ჩვენი წარმომადგენლები ძალიან ხშირად ხვდებოდნენ ქართველ ოპონენტებს. ეს იყო შესაძლებლობა, ერთმანეთის პოზიციები მოგვესმინა. ეს ძალიან საჭიროა. მკვდარი წერტილიდან რომ დაიწყოს პრობლემის მოგვარება”, – განაცხადა შამბამ გადაცემაში სტუმრობისას.