საქართველოს მთავრობა ყოველწლიურად თვითონ განსაზღვრავს სასწავლო წლის განმავლობაში რამდენ სტუდენტს მიიღებენ სახელმწიფო უნივერსიტეტები.
ამის შესახებ ნათქვამია კანონპროექტში, რომელიც მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების შესატანად.
როგორც ცნობილია, მომდევნო წლიდან “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებით საგრანტო დაფინანსების სქემა უქმდება. ის სტუდენტი, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტში შეძლებს მოხვედრას, საბიუჯეტო დაფინანსებით, უფასოდ ისწავლის. თუ სტუდენტი კერძო უნივერსიტეტში მოხვდება, იქ მის სწავლას სახელმწიფო აღარ დააფინანსებს. მეორე მხრივ “ოცნება” აპირებს დანერგოს პრინციპი ერთი ფაკულტეტი – ერთი ქალაქი. ანუ პირობითად იურიდიული ფაკულტეტი სახელმწიფო უნივერსიტეტებში შესაძლოა მხოლოდ თბილისში იყოს ხელმისაწვდომი, ჟურნალისტიკა მხოლოდ ქუთაისში და ა.შ. უცნობია, ჯამურად რამდენი სტუდენტი შეძლებს ბიუჯეტის დაფინანსებით სწავლას. ანალიტიკოსები და ექსპერტები ელიან, რომ სტუდენტების რაოდენობა ქვეყანაში მნიშვნელოვნად შემცირდება.
“უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღებისას კვოტების რაოდენობრივი განაწილება ამჟამად არ ეფუძნება შრომის ბაზრის არსებული და პოტენციური მოთხოვნების სიღრმისეულ ანალიზს. შესაბამისად, კანონპროექტით განისაზღვრა, რომ საქართველოს მთავრობა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარდგინებით, ყოველწლიურად დაამტკიცებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული/სამაგისტრო გამოცდებით, ასევე ერთიანი ეროვნული/სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას – როგორც უნივერსიტეტის, ისე კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) მიხედვით. გარდა ამისა, კანონპროექტით განისაზღვრა, რომ საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსების წესსა და პირობებს”, – ნათქვამია კანონპროექტში, რომელსაც “ქართული ოცნება” ახლო მომავალში დაამტკიცებს.
საქართველოს მთავრობა განათლების სამინისტროს ხელით უნივერსიტეტებს განუსაზღვრავს იმ საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმი) ჩამონათვალს, რომლის განხორციელების უფლებაც ექნებათ.




