ქართველი ავტოდილერები ბაზარზე არათანაბარ კონკურენციაზე საუბრობენ.
მათი თქმით, ყაზახ და ყირგიზ დილერებს ამერიკიდან საქართველოს გავლით ავტომობილები ცენტრალურ აზიაში გააქვთ და დემპინგურ ფასად ყიდიან. ეს იმ ფონზე, როცა უცხოელი დილერები გადასახადებს არ იხდიან, ქართველები კი ვალდებულები არიან ინდ. მეწარმედ დარეგისტრირდნენ და ბიუჯეტი შეავსონ.
საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარის ალექსი ნონიაძე “კომერსანტთან” ამბობს, რომ ავტოიმპორტირებმა შესაბამის უწყებებს უკვე მიმართეს და ახლა ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებას ელოდებიან.
რაც შეეხება ავტობაზარზე არსებულ მდგომარეობას, მიუხედავად ზაფხულის სეზონის აქტივობისა, ჭარბი მიწოდებით შექმნილი პრობლემები კვლავ მწვავეა.
„ჩვენი დილერები და უცხოელი დილერები ავტობაზარზე არათანაბარ პირობებში არიან, უპირატესობა მაინც მათ ენიჭებათ იქიდან გამომდინარე, რომ გადასახადებს არ იხდიან; ჩვენ დილერებს კი ვალდებულება აქვთ, რომ ინდ. მეწარმედ დარეგისტრირდნენ და ბიუჯეტი შეავსონ.
ასევე, ყაზახი და ყირგიზ დილერები მოლაპარაკებებს ახერხებენ და უფრო მოსახერხებელი ფასით გაჰყავთ აბტომობილები საქართველოდან. ბოლო 2 წლის განმავლობაში ბაზარზე ჭარბი მიწოდება გვქონდა და სწორედ ამით, ისინი ბოროტად სარგებლობენ, დემპინგური ფასით, ფარული შეთანხმებით გაჰყავდათ ავტომობილები.
ჩვენ ბიზნესომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებთან კონსულტაციები უკვე გავიარეთ, ასევე უშუალოდ ფინანსთა სამინისტროსთან, დრო იყო საჭირო რომ შეგვეთანხმებინა, ეს საკითხები სხვა სფეროებთან ხომ არ მოვიდოდა წინააღმდეგობაში. საბოლოოდ კი ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებას ველოდებით.
ზაფხული ავტომობილების ბაზარზე ყოველთვის აქტიური პერიოდია, მაგრამ დილერების პრობლემები, ისევ პრობლემებად დარჩა; ვგულისხმობ ჭარბ მიწოდებასთან ბრძოლას და დემპინგურ ფასებს, ამ მხრივ ბაზარი არ გაუმჯობესებულა. დილერები ისევ ითხოვენ, რომ სახელმწიფომ ნაბიჯები გადადგას და ყაზახური და ყირგიზული მხარეების დემპინგური ფასით ვაჭრობა შეწყდეს“,- აღნიშნა ალექსი ნონიაძემ „კომერსანტთან“ ინტერვიუში.
