- კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელმა სადავო პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მძიმე მდგომარეობაზე ილაპარაკა.
- მისი თქმით, ყველა მნიშვნელოვან ძეგლს აქვს სხვადასხვა სახის პრობლემა, რომელთა შორისაა არასწორი გადახურვა, ფრესკების დაზიანება და სარესტავრაციოდ არასწორი მასალის გამოყენება.
- მან აღნიშნა, რომ პრობლემების მოგვარებაში იგეგმება უცხოელი სპეციალისტების ჩართვა – არ უთქვამს, გამოიძიებს თუ არა სახელმწიფო არასწორად ჩატარებული რეაბილიტაცია-რესტავრაციის საქმეებს.
- არც ის არ დაუზუსტებია, რომელი ძეგლების გადარჩენის საქმეში ჩაერთვებიან უცხოელი სპეციალისტები.
“ჩვენს ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს ის, რომ ფაქტობრივად ყველა ისეთ ძეგლს, რომელიც ყველასთვის ცნობილია და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან დიდი გასაჭირი აქვს – იქნება ეს სვეტიცხოველი, ბაგრატი, ნიკორწმინდა, ფიტარეთი, ყინწვისი, შემოქმედი, ცაიში, წალენჯიხა, ატენის სიონი”, – თქვა თეა ონიანმა.
ონიანი სააგენტოს ხელმძღვანელად 2025 წლის თებერვალში წარადგინა კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ. წინა წლებში ამ უწყებამ მნიშვნელოვანი რეორგანიზაცია განიცადა – საუბრობდნენ რეორგანიზაციისას გაშვებული თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციასა და სააგენტოდან კრიტიკულად განწყობილი კადრების წმენდაზე.
თეა ონიანმა ძეგლების მძიმე მდგომარეობა წინა წლებში ხარვეზებით ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოებით ახსნა. მან რამდენიმე ძეგლის შემთხვევაში კონკრეტული პრობლემები გამოყო.
„მაგალითად, ბაგრატსა და ნიკორწმინდაში ხდება სახურავიდან წყალის ჩამოჟონვა და კედლების დასველდება. სპილენძის ჩამონაჟონი ამწვანებს და შემდეგ აშავებს საპირე წყობის ქვებს, რაც ძალიან დიდი პრობლემაა. ბუნებრივია, ამ პრობლემას აუცილებლად სჭირდება გადაჭრა. ნამდვილად არ ვუშინდებით, მაგრამ, როგორც წესი, ძეგლებს სიჩქარე არ უხდება. გელათისა და ბაგრატის მაგალითმა ამაში ნათლად დაგვარწმუნა.
ასეთი საეტაპო ძეგლები თუ სრულყოფილად არ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული, მათზე რაიმე სამუშაოების დაწყება ხშირ შემთხვევაში გამოუსწორებელ შეცდომებამდე მიგვიყვანს, რის წინაშეც დღეს ვდგავართ.
ანუ ძეგლები იმის გამო ფუჭდება, რომ ან სახურავი არის არასწორად მოწყობილი, ან მასალა არასწორად არის შერჩეული. ამ ყველაფერს ხანგრძლივი, სკრუპულოზური კვლევა სჭირდება. ჩვენი პირველი რიგის ამოცანაა, რომ ასეთი ტიპის – გამორჩეულ, პირველი კატეგორიის ძეგლებს – მივხედოთ. გამორჩეული, ეროვნული კატეგორიის მნიშვნელობის ძეგლებს.
საკმაოდ დიდი პრობლემაა ატენის სიონზე. პროექტი რაც მომზადებული დამხვდა, არის ატენის სიონზე სპილენძის გადახურვის მოწყობა. თუმცა ეს პროექტი ბოლომდე ვერ უპასუხებს პრობლემებს, რაც დღეს ტაძარს აქვს. ატენის სიონს აქვს განსაკუთრებული გადახურვა, სადაც გადახურვის მოწყობა ძალიან სკრუპულოზურ მიდგომას მოითხოვს.
ამიტომ ვფიქრობ, რომ პრობლემების გადაწყვეტაში უცხოელი ექსპერტები ჩავრთოთ, რომელიც ქართველ სპეციალისტებთან ერთად საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე პრობლემებს დაამუშავებენ, განიხილავენ არსებულ პროექტებს და მიგვითითებენ, არის თუ არა საჭირო ახალი პროექტების მომზადება, რა ხარვეზებია პროექტებში. ძეგლებზე სარეაბილიტაციო პროექტები ამის შემდეგ განხორციელდება“, – თქვა თეა ონიანმა.
მისივე თქმით, პრობლემებია ძეგლების მხატვრობის მიმართულებითაც.
“ყველა საეტაპო ძეგლზე, როგორიცაა ყინწვისი, გელათი, ცაიში, შემოქმედი, ფაქტობრივად, ფრესკები სცვივა – ჩატარებულმა სარეაბილიტაციო სამუშაოებმა გვაჩვენა, რომ სვეტიცხოველში ფრესკები თეთრდება, ყინწვისში ვარდისფერია. ფაქტია, რომ რაღაც ისე ვერ გაკეთდა, როგორც უნდა გაკეთებულიყო.
ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ ტაძრებზე დავგეგმოთ ის სამუშაოები, გავარკვიოთ, რაც ფრესკებს უქმნის საფრთხეს, რის გამოა ეს გამოწვეული. ან სახურავიდან ჩადის წყალი, ან კაპილარული აწოვის შედეგად მიწიდან ხდება ამ ტაძრების დანესტიანება. პირველ ყოვლისა, უნდა აღმოვფხვრათ ეს პრობლემები, რაც ფრესკებს უქმნის საფრთხეს და შემდეგ უკვე დავიწყოთ ფრესკების გადარჩენითი, საკონსერვაციო სამუშაოები.
აქაც ვაწყდებით უზარმაზარ პრობლემას, იმიტომ რომ ფრესკები საჭიროებს მულტიდისციპლინურ კვლევებს.
გელათის მაგალითმა ნათლად გვაჩვენა, თუ რამდენი სპეციალისტი უნდა იყოს ჩართული და რა პროფესიის სპეციალისტები, რომ ზუსტად დავსვათ დიაგნოზი, რა სჭირს კედლის მხატვრობას. საჭიროა ბიოლოგები, მიკრობიოლოგები, კლიმატოლოგები, მინერალოგები, რომლებიც დეტალურად სწავლობენ ფრესკების ბიოლოგიური დაზიანების გამომწვევ მიზეზებს. ერთი მიზეზი შეიძლება იყოს კლიმატური პირობები, მეორე – ბიოლოგია. ჩვენ არ გვაქვს ლაბორატორია ქვეყანაში, რომელიც ზუსტი დიაგნოზის დასმის შესაძლებლობას მოგვცემს. ანუ უნდა გავგზავნოთ სინჯები უცხოურ ლაბორატორიებში, მათ დასვან დიაგნოზი. მაგრამ მეორეა როგორ ვუმკურნალოთ შემდეგ”, – თქვა სააგენტოს ხელმძღვანელმა. მისი განმარტებით, სახელმწიფო მუშაობს საერთაშორისო ლაბორატორიებთან თანამშრომლობის პერსპექტივებზეც და ფიქრობს უცხოელი სპეციალისტების მოწვევაზეც, რომლებიც რეაბილიტაციის პროცესში ქართველ რესტავრატორებთან ერთად ჩაერთვებიან.
თეა ონიანმა ისაუბრა ჯვრის მონასტერზეც, რომლის გარე ფასადის ქვების კონსერვაციის პროექტი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ იყო დაფინანსებული და იუნესკოსგან მოწონებული, სამინისტრომ შეაჩერა. მისი თქმით, მომავალ წელს ინტერიერის ქვის კონსერვაციის პროექტი დაიწყება, თუმცა რომელი გუნდი გააკეთებს ამას ან რა დაფინანსებით, ეს არ დაუკონკრეტებია.




