ყველა, ვინც ტრანსპორტის სფერო იცის, ჩართულია პროცესში – თუ ვაშაძე ფიქრობს, რომ მათზე ჭკვიანია და გამოსავალი იცის, გამოვიდეს და თქვას საჯაროდ! – ბექა დავითულიანი

ყველა, ვინც ტრანსპორტის სფერო იცის, ჩართულია პროცესში. თუ ფიქრობს, რომ ამ სფეროს ევროპელ და ქართველ ექსპერტებზე ბევრად უფრო ჭკვიანია და რამე გამოსავალი იცის, გამოვიდეს და თქვას საჯაროდ, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ბექა დავითულიანი პოლიტიკურ სპეკულაციას უწოდებს გიორგი ვაშაძის განცხადებას იმის შესახებ, თითქოს არ ხორციელდება ფრანგულ კომპანია “სისტრას” მიერ დაგეგმილი პოლიტიკა.
“რაც შეეხება იმ პოლიტიკურ სპეკულაციებს, რომელიც ამ მიმართულებით ხშირად გვესმის ხოლმე, მაგალითად გიორგი ვაშაძეს ჰქონდა ერთი კვირის წინ, თითქოს ჩვენ არ ვუჯერებდით ფრანგულ კომპანია “სისტრას” და არ ვახორციელებდით მათ მიერ დაგეგმილ პოლიტიკას. არათუ “სისტრას” ვუჯერებთ, არამედ ვინმემ თუ საერთოდ რამე იცის ამ ქვეყანაში, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში ამ პრობლემასთან დაკავშირებით, ყველა ჩართულია ამ პრობლემის მოგვარებაში და ყველა ერთხმად გვეუბნება, რომ უნდა განავითაროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი და შეამციროთ კერძო ავტომობილების მოხმარების კოეფიციენტი. სხვა გზა უბრალოდ ამ ქალაქს არ აქვს და შესაბამისად, თუ გიორგი ვაშაძე ფიქრობს, რომ ის ამ სფეროს ევროპელ, ქართველ ექსპერტებზე ბევრად უფრო ჭკვიანია და რამე გამოსავალი იცის, გამოვიდეს და თქვას საჯაროდ, რად უნდა ამას კომისიების შექმნა და აჟიოტაჟი? ობიექტური მოცემულობაა – პრობლემაა საცობი, მაგრამ ამ პრობლემის გადაჭრის სხვა გზა, გარდა იმისა, რომელიც დევს კვლევაში, რომელიც ჩაატარა თბილისის მუნიციპალიტეტმა და რომელ პოლიტიკასაც მიყვება, ამ კვლევაზე დაფუძნებულს, უბრალოდ არ არსებობს. ეს არის მოცემულობა” – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
როგორც ბექა დავითულიანმა აღნიშნა, საცობები არის ყველა დიდი მეგაპოლისისა და, მათ შორის, უკვე თბილისის პრობლემაც.
“დღევანდელი მოცემულობით, პიკის საათებში ქალაქი ატარებს 650 ათას მანქანას და ამიტომ იქმნება საცობი. ყველა საექსპერტო დასკვნა, ყველა კვლევა გვეუბნება, რომ თბილისს აქვს 400 ათასი მანქანის გატარების უნარი, შესაბამისად, დამატებითი 250 ათასი მანქანა არის ობიექტური მოცემულობა, რომლის იქითაც უბრალოდ ვერ მივდივართ და რომელიც ქმნის საცობს. რაც შეეხება გამოსავალს, როგორც 2017 წელს შემუშავებული ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა გვეუბნება, გამოსავალი არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და კერძო ავტომობილებით სარგებლობის წილის შემცირება. სხვა გამოსავალი, რომელიც 250 ათასი მანქანის ზედმეტობას აღმოფხვრის, უბრალოდ არ არსებობს”, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით დავიწყეთ 2023 წლის 8 სექტემბერს, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის ფინანსური დახმარების გაცემა. მათ ვისაც საკუთრებაში რეგისტრირებული საცხოვრებელი სახლები სტიქიამ დაუნგრია, შესაბამისი კომპენსაცია გადაეცათ“- განაცხადა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ ბიუჯეტის განხილვისას