ყველაფერი ირინა ონაშვილის ცხოვრების შესახებ: ” თუნდაც ორი შვილის გაზრდა ადვილი საქმე არ არის… ლადო ძალიან კარგი მამაა, ყველაფერში ჩართულია” – Marao

ირინა ონაშვილს ფართო საზოგადოება 2003 წლიდან იცნობს, როცა ის „მის საქართველოს“ გამარჯვებული გახდა. მას შემდეგ მოდელის კარიერა და პირადი ცხოვრება არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. ამის შემდეგ ირინა რამდენიმე ტელეგადაცემასა და სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებშიც“ გამოჩნდა. როგორც ჩანს, მოდელი აქტიური ცხოვრებითაა დაკავებული და კარიერაზე განსაკუთრებით ზრუნავს.
განსაკუთრებულ მოწონებას ყოველთვის იმსახურებს ირინა ონაშვილის სტილი და ჩაცმულობა. გთავაზობთ ამ სეზონის რამდენიმე გამორჩეულ ლუქს ირინას “ინსტაგრამიდან”:
· “სკოლის ბანკეტზე მეც ნაჩუქარი კაბა მეცვა… დაახლოებით ათი გოგონა გავახარე, მწერენ მადლობებს და ეს ძალიან მახარებს” – ირინა ონაშვილი
ირინას პირველი ქმარი ფეხბურთელი ბესო ქარდავა იყო. ბესომ ირინა მოიტაცა. მათი ურთიერთობა ვერ აეწყო და წყვილი მალე დაშორდა. მას შემდეგ ირინას პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით არაერთი ჭორი დადიოდა – მოდელს ცნობილ მამაკაცებთან მიაწერდნენ რომანს, თუმცა ის მალე ლადო ვარძელაშვილს გაჰყვა ცოლად.
ლადო ვარძელაშვილი სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრია. ის უკვე დიდი ხანია საზოგადოებაში აღარ ჩნდება და არც სოციალურ ქსელში აქტიურობს.
აღსანიშნავია, რომ 2013 წელს მათ ოჯახში ტრაგედია დატრიალდა: როცა მეგობრები ვარძელაშვილის იარაღის კოლექციას ათვალიერებდნენ, მან “ტეტეს” სისტემის პისტოლეტი საჩვენებლად მეგობარს, ზვიად ქავთარაძეს მიაწოდა, ამ უკანასკნელს იარაღი გაუვარდა და ტყვია მოპირდაპირედ მდგომ დევი სირაძეს გულ-მკერდის არეში მოხვდა – ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ლადო ვარძელაშვილი სასჯელს გირაოს სანაცვლოდ გადაურჩა. ამ შემთხვევის შემდეგ იგი ტელეეკრანებთან გამოჩენას თავს არიდებს. ირინა და ლადო დღემდე ერთად ცხოვრობენ და ორ შვილს ზრდიან.
“რა თქმა უნდა, კარგია, როცა ადამიანს აქვს იმის ყველანაირი რესურსი, დრო, რომ რაც შეიძლება მეტი შვილი გააჩინოს. ოღონდ, ჩემი აზრით, ეს საკმაოდ რთული ამბავია. სამომავლოდ როგორ იქნება, არ ვიცი, მაგრამ რთული რომ არის, უკვე ვატყობ. თუნდაც ორი შვილის გაზრდა ადვილი საქმე არ არის.
·ტოპ 5 “მის საქართველოს” ტიტულის მფლობელი ქალი – ვინ არიან და როგორ ცხოვრობენ დღეს ჩვენი ქვეყნის ყველაზე ლამაზი ქალები
ჩვენს ოჯახს რომ ვაკვირდები, დათუნა ძალიან გვაკლდა. აუცილებელი და საჭირო იყო, საბას თავისი ოთახის მეგობარი ჰყოლოდა. მართალია, ძალიან მინდოდა, გოგო ყოფილიყო, მაგრამ ასე ინება ღმერთმა და ისევ ბიჭი დაიბადა. მანამდე ოჯახში ცოტანი ვიყავით, ახლა უკვე შეიძლება ითქვას, რომ ბევრნი ვართ.
ძიძა მყავს, რომელიც ამჟამად დათუნას მოვლითაა დაკავებული. საბა ბაღში დადის და სექტემბრიდან უკვე სკოლაში წავა. განებივრებული არ ვარ ბევრი დამხმარით, ბებიებით, ბაბუებით, ძირითად პრობლემებთან მაინც მარტოს მიწევს გამკლავება.
ამ ყველაფერში ლადოც თავისთავად ჩართულია. როცა ბავშვი ძალიან პატარა იყო, მე – ახალი ნამშობიარები, ყველაფერში ძალიან მეხმარებოდა, ღამე მორიგეობის საათებსაც ვინაწილებდით.
ლადო ძალიან კარგი მამაა. ჩემსავით ყველაფერში თავიდან ბოლომდეა ჩართული-მეთქი, რომ გითხრათ, მოვიტყუები, თუმცა, ტიპაჟიდან გამომდინარე, ძალიან მეოჯახეა, ოჯახური გარემო, ბავშვებთან ურთიერთობა უყვარს. მით უმეტეს, ახლა ისეთი დაკავებული არ არის, როგორიც სხვა დროს იყო. ახლა უფრო ბევრი დრო აქვს ჩვენთან ურთიერთობისთვის.
ბავშვებთან დაკავშირებით ძირითად გადაწყვეტილებებს მე ვიღებ. იმიტომ კი არა, რომ მე მინდა ასე, რაღაც ისე მოხდა, რომ თავიდან ბოლომდე გონებით ბავშვებზე ვარ გადართული და არც ველოდები ვინმეს, თუნდაც ლადოს, რომ რაღაც ვკითხო, დაველოდო, მაშინვე მოქმედებაზე გადავდივარ.
დედობა ყველაზე დიდი სირთულე, პასუხისმგებლობა, ყველაფერია. მანამდე მხოლოდ საკუთარ თავს ეკუთვნი, შეიძლება ითქვას, რომ ცხოვრების დინებას მიჰყვები და განსაკუთრებული არაფერი ხდება. ბავშვის პატარა ავადმყოფობაზეც კი იმხელა განცდები გაქვს, მერე ფიქრობ, რომ მანამდე თურმე არაფერი ღირდა ნერვიულობად. სანამ შვილები არ გყავს, მანამდე ასეთი ემოციები არ გაქვს.
ახლა უფრო მობილიზებული ვარ, უფრო ბევრი საქმე, უფრო დიდი პასუხისმგებლობა მაქვს და უფრო დაღლილი ვარ. ახლა პატარას სჭირდება განსაკუთრებული ენერგია. ჯერ სრულფასოვნად არ გაუვლია, ამიტომ ხშირად მიწევს მისი ხელში ჭერა, ეს კი ძალიან დიდ ენერგიას მოითხოვს. საკმაოდ დიდწონიანი ბავშვია და მისი ხელში ტარება ადვილი არ არის.
ღამეც იღვიძებს, საბასავით არ სძინავს და ადგომა მიწევს. ეს ყველაფერი გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ხანდახან დილით მეც უენერგიოდ ვარ. სირთულეც ეს არის, რომ მოდუნების უფლება არ გაქვს, მაინც შემართებით უნდა იყო, დილით უკვე ოჯახთან დაკავშირებით სხვა საქმეები იწყება” – ამბობდა ირინა ჟურნალ “სარკესთან” ინტერვიუში.