ყვარელში ასწლოვანი ხეების მოჭრაზე მოკვლევა დაიწყო გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თელავის სამმართველომ, რომლის თანამშრომლები უკვე ადგილზე იმყოფებიან და მოჭრილი ხეების აღრიცხვას აწარმოებენ.
ხეების მოჭრა შეჩერდა დეპარტამენტის წარმომადგენლების სიტყვიერი ბრძანების შემდეგ.
უწყებამ კომპანიისგან, რომელიც ხეებს ჭრიდა, მოითხოვა შესაბამისი დოკუმენტი, რომელშიც განმარტებული უნდა იყოს მიზეზი, თუ რატომ გახდა აუცილებელი ხეების მოჭრა.
ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახელობის პირველი საჯარო სკოლის ეზოში ასწლოვანი ხეების მოჭრა 12 იანვარს დილით დაიწყო.
მოჭრილია 20-ზე მეტი ნაძვის ხე და კედარი. ადგილზე მყოფი მუშები ამბობდნენ, რომ ხეების მოჭრა ძველი სკოლის დანგრევის და ახლის მშენებლობის ფარგლებში მიმდინარეობდა და, რომ მათ შესაბამისი ნებართვა ჰქონდათ მიღებული.
ხეების ჭრას აპროტესტებენ ადგილობრივები. სამოქალაქო აქტივისტის და ყვარლის ევროკლუბის ხელმძღვანელის ნიგა გურინის თქმით, მათ არავინ აუხსნა, რატომ გახდა ხეების მოჭრა აუცილებელი.
ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ქეთევან ჭიპაშვილი ამბობს, რომ ხეები სკოლის მშენებლობის ფარგლებში იჭრებოდა.
წყარო: რადიო თავისუფლება