ყაზახეთში ორგანული პროდუქტების შესახებ კანონი მიიღეს

ყაზახეთის რესპუბლიკის სენატის დეპუტატებმა დაამტკიცეს კანონი „ორგანული პროდუქტების წარმოებისა და მიმოქცევის შესახებ“, რომელიც შემუშავებულია ორგანული პროდუქტების წარმოებისა და მიმოქცევის სფეროში კანონმდებლობის გაუმჯობესების მიზნით.
როგორც ElDala.kz იუწყება, კანონი მიზნად ისახავს ორგანული პროდუქტების შიდა ბაზრის ფორმირებას და განვითარებას, საკვების ადგილობრივი მწარმოებლების სტიმულირებას ორგანული პროდუქტების წარმოებაში და მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდას უცხოურ ბაზრებზე.
კანონი ითვალისწინებს ორგანული პროდუქტების წარმოებაზე გადასვლის ძირითად პირობებს, ადგენს უშუალო მოთხოვნებს მათი წარმოებისა და ეტიკეტირების, ორგანული პროდუქტების მიმოქცევის მიმართ, ასევე აწესებს ორგანული პროდუქტების აღრიცხვისა და ზედამხედველობის სისტემას.
გარდა ამისა, საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს ორგანული პროდუქტების, სასოფლო-სამეურნეო მცენარეების თესლებისა და სასოფლო-სამეურნეო ცხოველების (ორგანული წარმოება) მწარმოებელთა რეესტრის შექმნას.
გათვალისწინებულია ორგანული პროდუქტის წარმოების პროცესის სერტიფიცირება. ამასთან, განისაზღვრება შესაბამისობის სერტიფიკატის შეჩერებისა და გაუქმების (შეწყვეტის) საფუძველი.
ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების საფუძველზე (მარტივი პარტნიორობა) ორგანული პროდუქტების მწარმოებლებს საშუალება აქვთ გაიარონ ჯგუფური სერტიფიცირება. ეს ხელს შეუწყობს ორგანულ მწარმოებლებს შორის თანამშრომლობას და ინტეგრაციას და შეამცირებს სერტიფიცირების ხარჯებს კონკრეტული მწარმოებლისთვის.
ორგანული პროდუქტების ფალსიფიკაციის წინააღმდეგ საბრძოლველად, შემოღებული იქნება ორგანული პროდუქტის ეტიკეტირება. ასეთი მარკირება ხორციელდება მხოლოდ შესაბამისობის სერტიფიკატით და მის რეკლამაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ სიტყვა „ორგანული“ და მისგან წარმოებული.
კანონს ასევე დაემატა მუხლი, რომელიც არეგულირებს სამეცნიერო მხარდაჭერას ორგანული პროდუქტების წარმოებისა და მიმოქცევის სფეროში.
agrokavkaz.ge