„ყავის ფასი 60-70%-ით გაგვიძვირდა“ – იმპორტიორები გაზრდილი ფასის მიუხედავად ყავაზე მოთხოვნის შემცირებას არ ელოდებიან

გლობალური დათბობის პირობებში ყავის მწარმოებელმა ქვეყნებმა მარცვლეული კულტურის მოსავლის გაცილებით ნაკლები რაოდენობა მიიღეს. შედეგად ყავის ფასმა მთელს მსოფლიოში მოიმატა. საქართველოში ყავის შემომტანი ერთ-ერთი კომპანია ,,ომპეტია’’, რომლის გენერალური დირექტორი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ მათთვის ყავაზე ფასმა 60-70%-ით მოიმატა.
,,60%-70%-ით გაძვირდა ინდონეზიური ყავა. ფასი გააძვირა ყველა ქვეყანამ, სადაც ყავა მოჰყავთ. 19 ტონა ყავის ღირებულება, რაც ერთ მოცულობას შეადგენს, 100-150 ათას ლარამდე გაძვირდა. დღგ-ს ჩათვლით ვამბობ ამ ფასს. გაძვირება, რა თქმა უნდა, ჯერ ჩვენზე აისახა და შემდეგ მომხმარებელზე. 10 კგ. ყავა ჩვენთან 240-245 ლარამდე მერყეობს. კილო 2,5 ღირს. მანამდე 10 კგ.-ზე ფასი 180-200 ლარი იყო.’’- აცხადებს ალექსანდრე სიყმაშვილი.
კომპანია ,,ომპეტ”-ის გენერალური დირექტორი ფასის მატებას კლიმატური პირობებითა და ევროპულ ბაზარზე ყავაზე მოთხოვნის ზრდით ხსნის.
,,ყავის ფასის მატება გლობალურმა დათბობამ განაპირობა. ასევე გაიზარდა ევროპულ ბაზარზე ყავაზე მოთხოვნილება. ადრე არ იყო ამხელა მოთხოვნა ევროპიდან. გაზრდილ მოთხოვნას დახვდა ყავის შემცირებული მოსავალი. რამაც ფასი გაზარდა.’’- ამბობს ალექსანდრე სიყმაშვილი.
იმპორტიორი კომპანიის დირექტორი აცხადებს, რომ ფასის მატების მიუხედავად მომხმარებლებს ყავაზე უარი არ უთქვამს. მეტიც, ალექსანდრე სიყმაშვილი აღნიშნავს, რომ გაყიდული ყავის ოდენობამ ცოტა იმატა კიდეც. კომპანია ,,ომპეტ’’-ს ყავა ძირითადად ინდონეზიიდან და ვიეტნამიდან შემოაქვს. იშვიათად ბრაზილიიდან. კომპანიის დირექტორი აცხადებს, რომ ფერმერები ყავის ახალი ჯიშების გაშენებას გეგმავენ, რომელიც გლობალური დათბობის მიმართ ამტანია და იმპორტიორებს ჰპირდებიან, რომ მოსავლის პრობლემა მომავალში აღარ იქნება.
,,ინდონეზიელ ფერმერებთან გვაქვს კომუნიკაცია და ისინი გვეუბნებიან, რომ ყავის პლანტაციებს ახალი ჯიშით ანაცვლებენ, რომელიც უძლებს გლობალურ დათბობას. გვპირდებიან, რომ მოსავლის პრობლემა აღარ იქნება.’’- აცხადებს ალექსანდრე სიყმაშვილი.