მოკლედ
· „ქართული ოცნების“ მიერ კონტროლირებულ სადავო პარლამენტში კოლეგიის მიერ პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა “ლელოს” ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა.
· პარტიაში ამბობენ რომ შეწყალების მოთხოვნით პატიმრებს ყაველაშვილისთვის არ მიუმართავთ.
· ლელოს ლიდერები ციხეში სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო აღმოჩნდნენ სხვა პოლიტიკოსებთან ერთად.
· “ლელო” “გახარია საქართველოსთან” ერთად სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განსახვევით, თვითმმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს და სხვა ოპოზიციური პარტიების ბოიკოტს არ უერთდება.
“გუშინ დასრულდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის პროცესი. რეგისტრირებულ პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის არის ერთი პარტია – „ძლიერი საქართველო – ლელო“, რომლის ლიდერები ამჟამად კონკრეტული დანაშაულისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიან სასჯელს.
უდავოა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კონკურენტულ გარემოში მათი პატიმრობის პირობებშიც ჩატარდება. ამასთან, ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ საზოგადოდ, არჩევნები არ უნდა იქცეს ინდულგენციად არცერთი პოლიტიკოსისთვის, რომელიც დანაშაულს სჩადის. არც ის გარემოებაა მხედველობიდან გასაშვები, რომ ჩემს შეთავაზებას შეწყალების შესახებ შესაბამისმა პატიმრებმა რამდენიმე კვირის წინ უარით უპასუხეს, რითაც პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის შეურაცხყოფის მიყენება სცადეს” – ნათქვამია ყაველაშვილის განცხადებაში.
მისი განმარტებით, ლელოს ლიდერების შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო იმისთვის, რომ “არავის დარჩეს იმის თქმის საბაბიც კი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება.”
პარტია ლელოს ლიდერები, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით 23 ივნისს დააკავეს – მათ გირაო გადახდილი ჰქონდათ და საბოლოო განაჩენს, 8-თვიან პატიმრობას პარტიის ოფისში დახვდნენ.
მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციური პარტიების დაპატიმრებულ ლიდერებს 4 ივლისს შესთავაზა -მიემართათ შეწყალების მოთხოვნით, რაც დაკმაყოფილებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში – თუკი 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის პირობას დადებდნენ.
რომ არა ყაველაშვილის შეწყალება, მათ საპატიმროში ყოფნის ვადა 2025 წლის 23 თებერვალს ეწურებოდათ – თვითმმართველობის არჩევნების თარიღიდან 5 თვის შემდეგ.
2025 წლის 4 ოქტომბერს დანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიური პარტიებიდან “ლელოს” გარდა მონაწილეობს ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიაც – თბილისში მერის პოსტზე ამ ორ პარტიას საერთო კანდიდატიც კი ჰყავთ, ირაკლი კუპრაძე.
