ყაველაშვილი: 29-ში ყველა უნდა ვიყოთ, რათა ეს ბავშვები გადავარჩინოთ

ხალხის ძალის დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა იმედი LIVE-ის ეთერში თქვა, რომ 29 აპრილის აქციაზე არა ქართული ოცნების მხარდასაჭერად, არამედ “ბავშვების გადასარჩენად” უნდა შეიკრიბონ.
გადაცემაში საუბრის დროს დეპუტატი საუბრობდა ქართული ოცნების ხელისუფლებისადმი უარყოფითად განწყობილ ახალგაზრდებზე და ირწმუნებოდა, რომ მათ ოპოზიცია იყენებს.
ყაველაშვილი ირწმუნება, რომ ახალგაზრდებში მსგავსი განწყობების შექმნა არის გამიზნული ქმედება, რათა ისინი წინა ხაზზე იყვნენ და ვინმე დაზიანდეს, რასაც მოჰყვება შემდეგი ქმედებები. “ეს მიზანმიმართული გეგმაა.” – ირწმუნება ყაველაშვილი.
“პატარა ასაკის არიან. მათი ზრდის პროცესი განხორციელდა ქართული ოცნების ხელისუფლების დროს. ის პროგრესი, რაც განვითარდა საქართველოში, მათ თვალწინ განვითარდა და ამას თავად ხომ ვერ უარყოფენ, რა მოხდა და როგორ მოხდა.” – თქვა ივანიშვილის დეპუტატმა.
როგორც ყაველაშვილი ირწმუნება, ყველაფერი, რასთან შეხებაც შეიძლება ბავშვებს ჰქონდეთ, დაკავშირებულია ფონდი ქართუსა და ს ქველმოქმედებასთან.
“3 მილიარდი დოლარის ინვესტირება… უკაცრავად, ქველმოქმედებაა განხორციელებული. რასაც შეიძლებაეს ბავშვები შეეხონ, ყველაფერში ამ ადამიანს და ამ ორგანიზაციას განხორციელებული აქვს ეს სიკეთე”. – თქვა ყაველაშვილმა და დაამატა, რომ ბავშვებს “აზიზღებენ ამ ადამიანს” და “ამ ორგანიზაციას”.
ყაველაშვილის თქმით, 29 აპრილის აქცია უნდა იყოს პასუხი ახალგაზრდებისთვის.
“მეოცე საუკუნეში სულ 2 რეჟიმი მახსენდება, ბოლშევიკები და ფაშისტები, ვინც ესეთი პატარა ასაკის ადამიანებს იყენებდნენ საკუთარ მშობლებთან დასაპირისპირებლად. ვერ წარმომიდგენია, აი, ვაშაძე და ხაბეიშვილი რომ იყოს, ჩემს თვალწინ მას მისი შვილი რომ დაუპირისპირდეს, აუცილებლად გავკიცხავ იმ ბავშვს და აუცილებლად დავიცავ, ვაშაძე იქნება თუ ხაბეიშვილი.” – თქვა ყაველაშვილმა.
“29 [აპრილის აქცია] მნიშვნელოვანია, აუცილებელია არა იმიტომ, რომ რაღაც შეკრება ხდება ქართული ოცნების მხარდამჭერების ამ კანონთან მიმართებაში – ჩემო ძვირფასო საზოგადოების წევრებო, ყველას მოგმართავთ, ამ ბავშვებს – შეუძლებელია, ისინი დიალოგში ვერ შემოვლენ, როგორ შეიძლება 10-12 წლის ბავშვთან დიალოგში შევიდე და პოლიტიკურ პროცესებში დავიწყოთ მათთან ჭიდილი, ეს ხომ შეუძლებელია. მთავრობის ჩაბარება და ისეთ სიგიჟეებს იძახის ეს ხალხი, რომ ბავშვების ემოცია გამოიტანონ წინ და ეს ბავშვები გამოიყენონ.” – თქვა ხალხის ძალის წევრმა.
როგორც ყაველაშვილი ირწმუნება, 29 აპრილს ხალხი უნდა გამოვიდეს არა ხელისუფლების მხარდასაჭერად, არამედ “ბავშვების გადასარჩენად”.
“29-ში ყველა უნდა ვიყოთ, არა იმისთვის, ვინმეს დავანახოთ, რომ ჩვენ უფრო მეტი გვიჭერს მხარს – არა. აი, ბავშვები რომ გადავარჩინოთ, ეს ბავშვები რომ გადავარჩინოთ, ამიტომ უნდა გამოვიდეთ… [ბავშვები] დაინახავენ მთელ საქართველოს სადაც დგას, სიყვარულს დაინახავს, მშობლების თაობას დაინახავს, თავის ბებია-ბაბუას დაინახავს, თავის თანატოლებსაც დაინახავს და დაინახავს მთელ საქართველოს და დაინახავს სად არის საქართველოს ძალა და რატომ გამოვიდა ეს ხალხი და რას იცავს. სხვანაირად დიალოგში ამ ბავშვებთან ვერ შევალთ. ეს უნდა იყოს ყველა ჩვენგანის ვალდებულება, მოვალეობა, დიდი შესაძლებლობა და დიდი სიამოვნება, რომ ესეთი დრო არის, ჩვენ გვაქვს იმის განცდა, რომ საკუთარი სამშობლო დავიცვათ.” – დაამატა ყაველაშვილმა.
“ეს არის საქართველოს დაცვის აქტი,” – ამბობს ივანიშვილის დეპუტატი 29 აპრილს დაგეგმილ აქციაზე.
22 აპრილს ცნობილი გახდა, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო ყოველდღიური დემონსტრაციების ფონზე, ქართული ოცნება 29 აპრილს კონტრაქციას ჩაატარებდა. მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი, ირწმუნებოდა, თითქოს მას და მის თანაპარტიელებს “ათასობით ადამიანი წერდათ” და აქციის ჩატარებას სთხოვდნენ.