„ღლონტების მეფუტკრეობა“ – ქალი მეწარმის წარმატება გურიიდან ევროპის ბაზრამდე

“ „ღლონტების მეფუტკრეობის” შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
მათივე ცნობით, „ღლონტების მეფუტკრეობა“ საოჯახო ბიზნესია, რომელიც ნინო ღლონტის მამამ, თამაზ ღლონტმა, 30 წლის წინ გურიაში წამოიწყო.
როგორც „საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, წლების შემდეგ ოჯახურ ბიზნეს სათავეში მამასთან ერთად, ნინო და მისი ძმა ჩაუდგნენ და წარმატებულად აგრძელებენ საქმიანობას.
ნინო „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით განხორციელებული – მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ერთ – ერთი მონაწილეა, სადაც ბიზნესის გაძლიერებისა და განვითარებისთვის საჭირო კურსები გაიარა.
„ფუტკრის მოშენება და თაფლის წარმოება მამამ 30 წლის წინ დაიწყო და ახლა კი მასთან ერთად, ამ საქმიანობით მე და ჩემი ძმა აქტიურად ვართ დაკავებულები. მაშინ, როცა მეფუტკრეობაზე, როგორც ბიზნესზე, დავიწყეთ ფიქრი, არ არსებობდა ბრენდი და ძალიან გრძელი გზა გამოვიარეთ, სანამ საბოლოოდ შევქმნიდით „ღლონტების მეფუტკრეობას“. დღეს, ჩვენი კომპანია ფუტკრის მრავალფეროვან პროდუქტებს აწარმოებს და მის რეალიზებას მთელი ქვეყნის მასშტაბით ვახდენთ. ბოლო წლებში კი აქტიურად დავიწყეთ მეფუტკრეებისთვის საჭირო მომსახურებისა და კონსულტაციების გაწევა“, – განაცხადა ნინო ღლონტმა.
წლების განმავლობაში მას არაერთი გამოწვევის გადალახვა მოუწია. „ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა და ამასთანავე მიღწევაც, რაც მახსენდება, ევროპის ბაზარზე ქართული თაფლისთვის გზის გახსნაა, რადგან 2019 წელს სწორედ ჩვენი კომპანიის თაფლი გავიდა ექსპორტზე ევროპის ქვეყნებში. ჩვენი გამოცდილება და გავლილი გზა კი ბევრი კომპანიისთვის მაგალითი გახდა, მათთვის ბევრად გამარტივდა იმ ეტაპების გავლა, რაც მათ ევროპის ბაზრამდე სჭირდებოდათ“, – აღნიშნავს ღლონტი.
სამწუხაროა, თუმცა, ქალისა და კაცის საქმიანობებს შორის ჯერ კიდევ არსებობს სტერეოტიპული დამოკიდებულება, რაც ნინო ღლონტისთვისაც ერთგვარი გამოწვევა აღმოჩნდა ბიზნესის წარმოების პროცესში.
„ჩემთვის, როგორც ქალი მეწარმისთვის ერთ – ერთი გამოწვევაა ის, რომ მეფუტკრეობა ძირითადად მამაკაცის საქმიანობასთან ასოცირდება და მასში ქალის ჩართულობა სერიოზულად არ აღიქმება“-აცხადებს ღლონტი
მისთვის ქალების მხარდაჭერა და მათი გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, სწორედ ამიტომ, ის საკუთარ კომპანიაში არაერთ ქალს ასაქმებს.
„ჩვენს კომპანიაში ქალების ეკონომიკური გაძლიერება, მათი დამოუკიდებლობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა, ამას მოწმობს ისიც, რომ აქტიურად ვცდილობთ ქალების დასაქმებას“, – ამბობს ნინო ღლონტი.
თვითგანვითარება და ახლის შესწავლა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და ბუნებრივი მდგომარეობაა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მეწარმე ქალთა პროგრამაში მონაწილეობის მიღება.
„საკუთარი განვითარებისთვის და პროფესიულად საუკეთესო „მეს“ შექმნისთვის მუდმივად ვეძებ სიახლეებს, მუდმივად მსურს გავიგო და ვისწავლო რაღაც ახალი, რაც მომავალში მომცემს შესაძლებლობას, კარიერულად განვითარდე და განვავითარო ბიზნესი. როდესაც სოციალურ ქსელში პროგრამის შესახებ შევიტყვე და გავეცანი პროგრამის მიზნებსა და შინაარსს, სწორედ ეს გახდა მოტივაცია მასში მონაწილეობის მისაღებად. ჩემთვის, ეს იყო შესაძლებლობების ფანჯარა, რათა მიმეღო ცოდნა და ჩემი საქმიანობის წარმატებისთვის კიდევ ერთი ნაბიჯი გადამედგა წინ“, – აცხადებს ნინო ღლონტი.
როგორც თავად ამბობს, პროგრამის მეშვეობით, თეორიულ ცოდნასთან და სხვადასხვა ბიზნეს თუ პიროვნული უნარების განვითარებასთან ერთად, დიდი მოტივაცია შეიძინა.
„მეწარმე ქალთა გადამზადების პროგრამა ერთ-ერთი საუკეთესოა, რომელშიც მონაწილეობა მიმიღია. გარდა იმისა, რომ დიდი ცოდნა შევიძინე, თუ როგორ უნდა გავხადო ჩემი საქმიანობა უფრო მეტად წარმატებული და რა არის ის მნიშვნელოვანი საკითხები რაზეც უნდა გავამახვილო ყურადღება, შევხვდი ძალიან საინტერესო მეწარმე ქალებს, რომლებიც ჩემთვის მოტივატორები გახდნენ, რათა კიდევ უფრო მეტი გავაკეთო ჩემი საქმიანობის წარმატებისთვის და დასახული მიზნებისთვის. ვფიქრობ, ეს პროგრამა ქალი მეწარმეებისთვის არის დიდი ბიძგი, რათა არ გავჩერდეთ და უფრო მეტი გავაკეთოთ ჩვენი წარმატებისთვის“, – აცხადებს ღლონტი.
მან „ღლონტების მეფუტკრეობის“ სამომავლო მიზნებიც გაგვიზიარა და გვითხრა, რომ წინ მასშტაბური გეგმები აქვთ.
„სამომავლოდ ჩვენი კომპანიის მიზანია გურიის რეგიონში შექმნას მეფუტკრეობის სოფელი, სადაც მეფუტკრესა თუ უბრალოდ ამ სფეროთი დაინტერესებულ ადამიანს, შესაძლებლობა ექნება ჩამოვიდეს და გაეცნოს მეფუტკრეობას. მათთვის საჭირო ინფორმაციის მიღების გარდა, ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ ადგილზე დააგემოვნონ მრავალფეროვანი პროდუქტები (თაფლი, ფიჭა). მას შემდეგ, რაც საქართველო თაფლის სამშობლოდაც აღიარეს, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქართული მეფუტკრეობით დაინტერესება ძალიან გაიზარდა. ვფიქრობ, მსგავსი სოფლის შექმნა არა მხოლოდ ქართველი მეფუტკრეებისთვის იქნება სასარგებლო და ინფორმატიული, არამედ უცხოელ მეფუტკრეებსაც დააინტერესებს, რაც არამარტო ჩვენი ბიზნესის განვითარებას, არამედ ქართული ფუტკრისა და მისი პროდუქტის პოპულარიზაციას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ნინო ღლონტმა.
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP), „საქართველოს ბანკის“ ბიზნესის, შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება, რომელიც ინოვატორ და მიზანდასახულ, იდეებით სავსე ქალ ლიდერებს 360°-იან მხარდაჭერას – იდეიდან ბიზნესის წარმატებამდე სთავაზობს. პროგრამა 4 ღირებულებაზეა დაფუძნებული, ესენია: ცოდნა, მხარდაჭერა, გამოცდილება, თანამშრომლობა.

ასევე დაგაინტერესებთ