“ღირსეული საქციელის და, მით უმეტეს, გმირობის შესაძლებლობა ყოველთვის არ გექნებათ,” – ბიზნესმენი რესან ქიქავა საჯარო მოხელეებს მიმართავს და სთხოვს დადგნენ ხალხის გვერდით, რადგან, საჯარო მოხელე უნდა იყოს ხალხის სამსახურში.
“საჯარო მოხელე უნდა იყოს ხალხის სამსახურში. ხალხის ნება გამოხატულია კონსტიტუციაში. საქართველოს მოქალაქეები, თავისი შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს თმობენ, იმისთვის რომ საჯარო მოხელეებისთვის ხელფასი და ყველა ის პრივილეგია უზრუნველყონ, რასაც ისინი იღებენ, კონსტიტუციიდან გამომდინარე მათი უფლება-მოვალეობების აღსრულების მიზნით!საჯარო მოხელეს, რომელიც დღეს რაიმე ფორმით არ აპროტესტებს იმას რაც ხდება, დაკარგული აქვს ღირსება!ვინც ამას თუნდაც ჩუმად აკეთებს, იმსახურებს პატივისცემას! მოხელე, რომელიც ღიად გამოთქვამს თავის პროტესტს – არის გმირი!ღირსეული საქციელის და, მით უმეტეს, გმირობის შესაძლებლობა ყოველთვის არ გექნებათ,” – წერს ქიქავა სოციალურ ქსელში და ასევე განმარტავს იმ ეკონომიკურ რისკებს, რაც დღეს მიმდინარე პოლიტიკუირ პროცესებს ახლავს თან.
მისი აზრით, ესაა: დიპლომატიური იზოლაცია, ეკონომიკური სანქციები (სავაჭრო, საინვესტიციო, გლობალურ ფინანსურ სისტემებზე წვდომა და ა.შ), უსაფრთხოების რისკები (რუსეთს რომ თავი დავანებოთ, ნებისმიერი სხვა ქვეყნის მხრიდან, რაიმე სახის აგრესიის პირობებში, მათთან პირისპირ დარჩენა და ა.შ.).
ბიზნესმენი რესან ქიქავა „ექსპო ჯორჯიას“ დირექტორია.
ცნობისთვის მთავრობის ანტიდასავლური პოლიტიკის ეკონომიკურ საფრთხეზე დიდი ხანია საუბრობს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი პაატა ცაგარეიშვილიც. მისი თქმით, დასავლელი პარტნიორები 10 მილიარდი დოლარის დონაციას აკეთებენ საქართველოს ეკონომიკაში სხვადასხვა პროექტების დაფინანსებით, რომელთა შეწყვეტა ქვეყანას ეკონომიკურად დაანგრევს.
ძალადობა დაგმო და ქართველ ხალხს თანადგომა გამოუცხადა სპორტსმენების ნაწილმა. პროტესტის ნიშნად დაიხურა რამდენიმე რესტორანი. გაკვეთილის ჩატარებაზე უარი თქვა რამდენიმე პედაგოგმა.
