საქართველოს მთავრობის პრესცენტრის ცნობით, ოფიციალური მოლაპარაკებების შემდეგ, პარასკევს, 26 იანვარს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს დელეგაციასთან ერთად ვახშამზე უმასპინძლა.
„ნიკოლ ფაშინიანის პატივსაცემად ვახშამი მთაწმინდაზე გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა მთაწმინდამდე ფუნიკულიორის ტრამვაით იმგზავრეს და თბილისის ხედები დაათვალიერეს“, – აცხადებენ მთავრობის პრესცენტრში.
ამავე წყაროს თანახმად, „პრემიერ-მინისტრებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის სტრატეგიული პარტნიორობა არაფორმალურ გარემოში განიხილეს“.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პარასკევს, 26 იანვარს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვია თბილისს და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გააფორმა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან. მის დღის წესრიგში კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი იყო:
· შავი ზღვის ელექტროგადამცემი კაბელის პროექტი;
· სასაზღვრო-საბაჟო პუნქტების მუშაობის ოპტიმიზაცია;
· სომხეთ-საქართველოს საზღვრის დელიმიტაცია;
· „მშვიდობის გზაჯვარედინის“ წახალისება.
ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტის პარალელურად, პარასკევს, საღამოს საათებში, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მთავრობამ მას არ მისცა შესაძლებლობა, შეხვედროდა სომხეთის პრემიერ-მინისტრს და მისთვის ემასპინძლა.
„საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება ქვეყანაში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს, თუმცა სამწუხაროა, რომ პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა შეხვდეს და სათანადოდ უმასპინძლოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში“, – წერს სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკზე.
„ასევე სამწუხარო და აღსანიშნავია ისიც, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან არ ხდება პრეზიდენტის ინფორმირება ქვეყანაში დაგეგმილი მაღალი რანგის ვიზიტების, შეხვედრებისა თუ ღონისძიებების შესახებ“, – წერია განცხადებაში.