პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრესკონფერენციაზე მედიის კითხვის პასუხად გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს მიუნხენის კონფერენციაზე. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ახალი პოზიციიდან თავს უფლებას აძლევს შეაფასოს სალომე ზურაბიშვილის მოქმედებები, რასაც „ღალატი“ უწოდა ბიძინა ივანიშვილის, გუნდისა და სახელმწიფოს ინტერესებისადმი.
„სალომე ზურაბიშვილმა ჩაიდინა ღალატი ჩვენი პარტიის თითოეული წევრის თვალში და ჩვენი გადმოსახედიდან იგი არ ემსახურება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს. მან არაერთგზის უხეშად დაარღვია კონსტიტუცია და სამწუხაროდ, აგრძელებს კონსტიტუციის დარღვევას. სირცხვილია ასეთი მოქცევა ევროპაში გაზრდილი ქალბატონისგან და ჩვენი გუნდის, ჩვენი პარტიის დამფუძნებლის მიერ მოყვანილი პრეზიდენტისგან – ეს მინდა შევახსენო ქალბატონ სალომეს. მისი რეიტინგი 1% იყო და ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ იგი მოიყვანა პრეზიდენტად. ამის შემდეგ ამ ადამიანმა უღალატა როგორც ადამიანს, ასევე გუნდს, ისე სახელმწიფო ინტერესებს. სხვა შეფასება არ მექნება სალომე ზურაბიშვილზე. მისი ვიზიტიც ამის კიდევ ერთი დადასტურებაა. ყველაფერი არის შეფარული. მისი წინასწარი კამპანია, რა თქმა უნდა, ყალბი და ფარისევლური იყო. არაფერი გაუკეთებია, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიეღო. მისი მიზანი იყო, რამენაირად წაეღო ის დიდი მონაპოვარი – სტატუსი, რომელიც ჩვენ მოვიტანეთ ხალხისთვის, ხალხთან ერთად, ჩვენ ხელისუფლებამ . მაგრამ აქაც განიცადა ფიასკო. თავად აირჩია ეს გზა. თავად აირჩია დამდგარიყო რადიკალური, ექსტრემისტული ოპოზიციის გვერდით და რა თქმა უნდა, მისი ხვედრიც შესაბამისი იქნება. ისიც იზეიმებს დიდ წაგებას ოპოზიციასთან ერთად”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
16-18 თებერვალს მიუნხენში ყოველწლიური უსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონფერენციიდან ოფიციალური მოწვევა მიიღო და მონაწილეობასაც მიღებს. პრეზიდენტს მიუნხენის კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მთავრობისთვის თანხმობის მისაღებად არ მიუმართავს.
უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას არ მიიღებს ახლად დანიშნული პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მას პირველი ოფიციალური ვიზიტი ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში, ბრიუსელში ექნება.
მიუნხენის კონფერენციაზე საქართველოს მთავრობა საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში იქნება წარმოდგენილი.
გასულ წელს მმართველმა პარტიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პრეზიდენტმა უცხოეთში ვიზიტებით კონსტიტუცია დაარღვია, რადგან ამისთვის მთავრობის თანხმობა არ ჰქონია. ირაკლი კობახიძემ მაშინ თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილს აღარ მიიჩნევდნენ პრეზიდენტობის ღირსად.
პრეზიდენტის იმპიჩმენტი ვერ შედგა. საპარლამენტო უმრავლესობამ ხმების საჭირო რაოდენობა (100 ხმა) ვერ მოაგროვა.
6 თებერვალს, იმჟამად საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ “სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ ლობირებდა საქართველოს კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, ერთხელ ვერ ვათქმევინეთ, ქვეყანა კანდიდატის სტატუსს რომ იმსახურებდა”.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პარლამენტის წინაშე თავისი ბოლო ყოველწლიური მოხსენების დასკვნით სიტყვაში 6 თებერვალს თქვა, რომ საქართველო იმსახურებდა და დაიმსახურებს ევროკავშირში გაწევრიანებას.
2023 წლის 14 დეკემბერს ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა ევროკომისიის მიერ 2023 წლის ნოემბერში გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე მხარი დაუჭირეს ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებას, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მოლაპარაკების დაწყებას მას შემდეგ, რაც ეს ქვეყანა შესაბამის კრიტერიუმებს მიაღწევს.
გაწევრიანების საკითხზე საქართველოსთან მოლაპარაკების დასაწყებად ევროკავშირი ცხრა ნაბიჯის შესრულებას მოითხოვს.