საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მთავრობას არ აქვს ვალდებულება გამოაქვეყნოს განკარგულებები. ამის შესახებ მან ისაუბრა “ქართული ოცნების” ოფისში, სადაც პრესკონფერენცია გამართა ჟურნალისტებისთვის, როგორც პარტიის თავმჯჯდომარემ.
საქართველოში მოქმედი კანონით (“ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით”) საჯარო დაწესებულება ვალდებულებულია პროაქტიულად გამოაქვეყნოს სამართლებრივი აქტები, რომელიც დაკავშირებული მის საქმიანობასთან. ასეთი დოკუმენტი დამტკიცებული აქვს მთავრობის ადმინისტრაციასაც, ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის პრემიერად მუშაობის დროს.
“რაც შეეხება განკარგულებების გამოქვეყნებას… ასეთი პრაქტიკა დამხვდა მთავრობაში. დიდი დრო არ დამიხარჯავს ამ პრაქტიკის შეცვლაზე. არ არის საერთაშორისო დადგენილი წესი და სტანდარტი გინდა თუ არა ყველა განკარგულება უნდა გამოქვეყნდეს. ეს არ არის მანდატორული წესი და პრაქტიკა. ჩვენ დავამუშავეთ ბევრი ქვეყნის მაგალითი. აიღეთ აშშ, ევროპის სახელმწიფოები, გგონიათ, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა?! თქვენ, მედია რატომ არ ითხოვდით ამ თუ იმ განკარგულების ასლს? სამი წელი ვიყავი პრემიერი, მე გაგიზიარებდით”, – ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი, რომლის პრემიერობის დროს მთავრობის არცერთი განკარგულება არ გამოქვეყნებულა.
რადიო თავისუფლებას ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს არაერთი საჯარო ინფორმაცია აქვს გამოთხოვილი მთავრობის ადმინისტრაციიდან, მათ შორის ვიზიტებთან და მრჩევლებთან დაკავშირებით. ამ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით გაგზავნილი წერილები უპასუხოდ არის დატოვებული.
3 წლის შემდეგ პირველად გამოქვეყნდა მთავრობის განკარგულება 2024 წლის 12 თებერვალს, როცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი აღარ იყო ღარიბაშვილი.
საქართველოს მთავრობის სახელით გამოცემული განკარგულებების გამოცემა შეწყდა 2020 წლის 26 სექტემბერს, როცა პრემიერ-მინისტრი იყო გიორგი გახარია. მას შემდეგ თითქმის სამი წელი იმუშავა მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი ხელმოწერით გამოცემული არცერთი განკარგულება არ იძებნება მთავრობის ვებსაიტზე.
პარტია “ქართული ოცნების” საპარალამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ გიორგი გახარიას გადაწყვეტილების შედეგია, რის გამოც ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულებები არ ქვეყნდებოდა საქართველოს მთავრობის ვებსაიტზე.
“ბოლო ორი წლის განმავლობაში ცდილობდა ყველა “ნაცი”, “ნაცმედია” და “გახარიები” ერთად, რომ ეს გადაწყვეტილება მიეწერათ ღარიბაშვილისთვის. დღეს ირაკლი კობახიძის ამ გადაწყვეტილების [გამოქვეყნდეს გადაწყვეტილებები] შემდეგ აღმოჩნდა, რომ გახარიას პრემიერობის დროს და მის მიერ იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული რეკონსტრუქციის მოტივით…
არაფერი შეცვლილა, არანაირი რეკონსტრუქცია არ მომხდარა. გახარიას გადაწყვეტილებით, ეს ყველა გადაწყვეტილება დამალული გახდა. შემდეგ, სამწუხაროდ, პრაქტიკა გაგრძელდა”, – თქვა მამუკა მდინარაძემ 13 თებერვალს.
მთავრობის ადმინისტრაციის ვებსაიტის დიზაინი ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს ევროკავშირის დაფინანსებით განახლდა. რამდენიმეკვირიანი მუშაობის შემდეგ კი ისევ ძველი “ინტერფეისი” დააბრუნეს.
რადიო თავისუფლება მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურთან 2023 წლის დეკემბრის შემდეგ ცდილობს მიზეზის დადგენას.