ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ღარიბაშვილის მიერ თანამდებობების გაცვლა, რომლის შესახებაც „იმედი“ იუწყება, თანაბრად შეიძლება ემსახურებოდეს როგორც ირაკლი ღარიბაშვილის „დაქვეითებას“, ისე ირაკლი კობახიძის „დაწინაურებას“ და „დაჯილდოებას“ და შეიძლება შეფასდეს, როგორც პარტიის შიგნითა გადალაგების პროცესს, მიიჩნევს ნინო სამხარაძე, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ [GIP] პოლიტიკის მკვლევარი.
„ამ შესაძლო გადანაცვლებას, ლოგიკური იქნება, თუ შევხედავთ როგორც პარტიის შიგნით გადალაგების პროცესს. ეს გადალაგება თანაბრად შეიძლება ემსახურებოდეს როგორც ირაკლი ღარიბაშვილის „დაქვეითებას“, ისე ირაკლი კობახიძის „დაწინაურებას“ და „დაჯილდოებას“: ირაკლი კობახიძე პარტიისთვის ერთ-ერთ ყველაზე ტურბულენტურ დროს, როგორიც იყო 2023 წლის მარტის მოვლენები, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური, შეიძლება ითქვას, აგრესიული სახე იყო პარტიისთვის. ამგვარად, ეს შესაძლო როტაცია პარტიის შიგნით ძალთა „შეკავება-წახალისების“ პროცესადაც შეიძლება აღვიქვათ, თუმცა ამ ეტაპისთვის არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია დადასტურებულად რაიმეს მტკიცებისთვის“, – ეუბნება იგი „ნეტგაზეთს“.
ამასთან ერთად, სამხარაძე არ მიიჩნევს, რომ თანამდებობათა ცვლილება რაიმე ფუნდამენტურ პოლიტიკურ ცვლილებასაც მოიტანს.
„ქართული ოცნების ხელისუფლებისგან საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის ფუნდამენტურ ცვლილებას არ უნდა ველოდოთ განურჩევლად სახეების გადანაცვლებისა. ერთი მხრივ, გამომდინარე იქიდან, რომ ქართული ოცნება, როგორც პარტია დიდწილად დაცლილია შიდა კრიტიკული აზრისგან, ლიდერების ფორმალური ცვლილება არ იძლევა ლოგიკურ საბაბს, ვივარაუდოთ რომ ეს გადანაცვლება შეცვლის რაიმეს ძირეულად. მეორე მხრივ, კონკრეტულად ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე არ გამოირჩევიან არსობრივად განსხვავებული პოლიტიკური ხედვებით, რაც სავარაუდოდ ქართული ოცნების გაცხადებული პოლიტიკების კონტურებსაც კი არ შეცვლის. შეიძლება შეიცვალოს რიტორიკის სიმწვავე, თუმცა თავად რიტორიკა ნაკლებად“, – აღნიშნავს მკვლევარი.
სამხარაძის მოსაზრებითვე, კობახიძე-ღარიბაშვილისთვის ადგილების გაცვლა, დიდი ალბათობით, არ არის წინასაარჩევნო გათვლა, განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მესამედ დაბრუნების ფონზე.
„არჩევნების წელს პრემიერის შეცვლა აუცილებლად საარჩევნო შედეგებზე გავლენად არ შეიძლება ჩაითვალოს, მით უმეტეს იმ მოცემულობაში, როცა პარტიის ოფიციალურ მმართველობაში დაბრუნებულია ბიძინა ივანიშვილი. ეს კარგად იციან ქართულ ოცნებაშიც, ამიტომ თუკი ისინი ირაკლი კობახიძეს პრემიერის პოსტზე დანიშნავენ, არ მგონია, რომ ეს აუცილებლად წინასაარჩევნო გათვლა იყოს. შეიძლება მიზერული გავლენა ოცნების ამომრჩეველზე ჰქონდეს იმას, ვინ იქნება მთავრობის მეთაური, თუმცა ეს გავლენა იმდენად არაფრისმომცემი იქნება ელექტორალური წონის თვალსაზრისით, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიაში თანამდებობების ცვლილების პირველ მიზნებს შორის ეს იყოს“, – აღნიშნავს მკვლევარი.
ამავე თემაზე გირჩევთ:
· „გვეუბნებიან, რომ ველოსიპედს წინ მიუჯდება კობახიძე და უკან — ღარიბაშვილი“ — მანჯგალაძე
· ნოდია: ივანიშვილი ღარიბაშვილის თავმოყვარეობას გაუფრთხილდა