ღაზის სექტორში რამდენმე პირი დაიღუპა პარაშუტებით სურსათის ჩამოყრისას

ღაზის სექტორში ხუთი ადამიანი დაიღუპა სურსათის ჩამოყრის დროს, როცა პარაშუტის არასწორად გახსნის გამო ჰუმანიტარული დახმარების ტვირთი ადამიანებს ზემოდან, დიდი სიჩქარით დაეცა.
ამის შესახებ 8 მარტს იტყობინებოდა ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო, რომელსაც რადიკალური პალესტინური დაჯგუფება, -ში და ევროკავშირში ტერორისტულად მიჩნეული, ჰამასი აკონტროლებს.
ეს ინფორმაცია ადგილზე მიაწოდეს DPA-ს ჟურნალისტს. საინფორმაციო სააგენტო აღნიშნავს, რომ ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები სოციალურ ქსელებში გაჩნდა. დაღუპულთა გარდა, არიან დაშავებულებიც.
გასულ კვირაში, 2 მარტს, აშშ-მა და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაიწყეს პარაშუტებით ჰუმანიტარული დახმარების ჩამოყრა ღაზის სექტორის მოსახლეობისთვის, რათა გაუმკლავდნენ საკვები პროდუქტების კატასტროფულ უკმარისობას – უპირველესად, სანაპირო ზოლის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.
ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში კვიპროსსა და ღაზის სექტორს შორის შეიძლება ამოქმედდეს დახმარების საზღვაო დერეფანი – რეგიონში ომის გამო მზარდი ჰუმანიტარული კრიზისის წინააღმდეგ დასავლეთის ქვეყნების გაძლიერებული ძალისხმევის ჩარჩოებში.
ერთი დღით ადრე, 7 მარტს, ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, აშშ-ის მდგომარეობის შესახებ კონგრესზე ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, ისრაელს მოუწოდა, უზრუნველყოს ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოება და განაცხადა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების საზღვაო მიწოდების გეგმების შესახებ.
ამისთვის, ბაიდენის თქმით, აშენდება საგანგებო მცურავი მისადგომი გემებიდან ტვირთის გადმოსაზიდად.
შარშან ოქტომბერში, ს სამხრეთზე ჰამასის მებრძოლების თავდასხმის შემდეგ, ისრაელის არმიამ მსხვილი სამხედრო ოპერაცია დაიწყო ღაზის სექტორში. ისრაელის ხელისუფლებამ არაერთხელ დაასახელა თავის მიზნად ჰამასის სრული ლიკვიდაცია. ისრაელმა ღაზის სექტორში ჰამასის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები და რეგიონის დაბომბვა დაიწყო მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელის ტერიტორიაზე თავდასხმა მოხდა, რასაც ისრაელის მონაცემებით, 1200 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 240 მძევლად აიყვანეს.
მოგვიანებით მძევლების ნაწილი გაათავისუფლეს.
ალყაშემორტყმული ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან დაღუპულია 30 700-ზე მეტი პალესტინელი. საომარი მოქმედებების და ბლოკადის გამო ღაზის სექტორში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისია. გაერო და მისი წევრი სახელმწიფოების ნაწილი ისრაელს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში ადანაშაულებენ.

ასევე დაგაინტერესებთ