დღეს, 1 დეკემბერს ადგილობრივი დროით 07:00 საათზე ამოიწურება ისრაელსა და პალესტინელთა რადიკალურ მოძრაობა „ჰამასს“ შორის დროებითი ჰუმანიტარული ზავის მოქმედების ვადა.
ამერიკული გამოცემა Wall Street Journal-ი ეგვიპტის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ მხარეები ჰუმანიტარული ზავის კიდევ ერთი დღით გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დადასტურებულა. ეგვიპტე, კატართან ერთად, მოლაპარაკებებში შუამავლის მისიას ასრულებს.
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 22 ნოემბერს მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებს საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას და ღაზის სექტორში მყოფი, ისრაელიდან გატაცებული მძევლების, ძირითადად ქალების და ბავშვების გათავისუფლებას, ისრაელის ციხეებიდან პალესტინელი ქალების და მოზარდების გაშვებას და ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაზრდას.
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 4-დღიანი ზავი 24 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 07:00 საათიდან ამოქმედდა და ვადის ამოწურვის შემდეგ გაგრძელდა კიდევ ორი დღით, 30 ნოემბრის 07:00 საათამდე. 30 ნოემბერს დროებითი ზავი კიდევ ერთი დღით, 1 დეკემბრის 07:00 საათამდე გაგრძელდა. 30 ნოემბერს „ჰამასმა“ 8 მძევალი გაათავისუფლა, ხოლო ისრაელმა – 30 პალესტინელი პატიმარი.
7-დღიანი ჰუანიტარული პაუზის პერიოდში „ჰამასმა“ გაათავისუფლა 100-ზე მეტი მძევალი და ისრაელის საპატიმროები დატოვა 240-მდე პალესტინელმა. დროებითი ზავის ამოქმედებამდე ისრაელი აცხადებდა, რომ ღაზის სექტორში 240-მდე მძევალია.
· ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს და ათეულობით გაიტაცეს.
· კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1 200-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 14 000-ზე მეტი ადამიანი.