ღაზაში ოპერაციის დაწყებიდან ისრაელმა ერთი დღე-ღამის განმავლობაში ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადა

ისრაელის თავდაცვის არმიამ (IDF), რომელიც აგრძელებს ღაზის სექტორში დაჯგუფება ჰამასის წინააღმდეგ დაწყებულ სამხედრო ოპერაციას, ერთ დღე-ღამეში ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადა. ს არმიის სარდლობის ბოლო მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მომხდარ შეტაკებებში 24 ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა.
ისრაელის თავდაცვის არმიის წარმომადგენლის, კონტრადმირალ დანიელ ჰაგანის თქმით, 21 ჯარისკაცი ასაფეთქებელი ნივთიერებების მოქმედებაში მოყვანის შედეგად დაიღუპა. აფეთქება მოხდა ორ შენობაში, რომლებშიც ისრაელელი სამხედროები იმყოფებოდნენ. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის ერთი ტანკი ყუმბარმტყორცნის ცეცხლის შედეგად განადგურდა.
ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვასთან დაკავშირებით სამძიმარი გამოთქვა. “დღეს ძალიან რთული დილაა”, – დაწერა მან.

ამჟამად ყველაზე სასტიკი ბრძოლები ღაზის სექტორის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ ხან-იუნისში მიმდინარეობს, სადაც ამჟამად, როგორც ცნობილია, ჰამასის ძირითადი ძალებია თავმოყრილი. ორშაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის ჯარებმა დაიკავეს საავადმყოფოს შენობა, სადაც, სავარაუდოდ, ჰამასის მებრძოლებს თავდაცვა ჰქონდათ ორგანიზებული. პალესტინური მხარე უარყოფს ამ ბრალდებებს. ჰამასის მიერ კონტროლირებადმა ღაზის ჯანდაცვის სამინისტრომ ისრაელელი სამხედროების მიერ მედიცინის მუშაკების დაკავების შესახებ განაცხადა.
· ისრაელმა ჰამასს ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს პალესტინელთა ამ რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს და გაიტაცეს.
· კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, ისრაელში დაღუპულია 1 200-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 25 000-ზე მეტი ადამიანი.
· 2023 წლის ნოემბერში მიღწეული ერთკვირიანი ზავისას, გათავისუფლდა ღაზის სექტორში მძევლად მყოფი 100-ზე მეტი ადამიანი. სანაცვლოდ ისრაელის საპატიმროებიდან გაათავისუფლეს 240-მდე პალესტინელი.