ღაზაში განხორციელებულ ახალ შეტევებს ემსხვერპლა ისრაელის კიდევ ორი სამხედრო, ქვეყნის ლიდერებზე იზრდება ზეწოლა, რათა გათავისუფლდნენ მძევლები, რომლებიც ღაზაში ჰყავთ დაკავებული აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული “ჰამასის” მებრძოლებს.
ორი სამხედროს დაღუპვა 17 დეკემბერს გამოცხადდა, რითიც ისრაელის ძალებში მსხვერპლმა 121 ადამიანს მიაღწია 27 ოქტომბერს ღაზაში სახმელეთო ოპერაციის დაწყებიდან.
ომის დაწყების შემდეგ, ღაზაში დაიღუპა 19 000-მდე ადამიანი, სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლმა ბიძგი მისცა საერთაშორისო მოწოდებებს ცეცხლის შეწყვეტისკენ. ისრაელის მოკავშირე, აშშ გამოდის მოწოდებით შეიცვალოს სტრატეგია და დარტყმები უფრო მიზანმიმართულად განხორციელდეს.
მსხვერპლი იზრდება დასავლეთ სანაპიროზეც, სადაც ისრაელის ძალები ლოკალიზებულ რეიდებს ახორციელებენ.
ისრაელმა შეტევა დაიწყო მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს მას “ჰამასის” შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს. ისრაელის განცხადებით, “ჰამასის” მებრძოლებმა დახოცეს 1200 ადამიანი და 200-ზე მეტი პირი მძევლად აიყვანეს. მძევალთა ნაწილი მას მერე გათავისუფლდა.
პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუზე იზრდება ზეწოლა მძევლების ნათესავების მხრიდან, რომლებიც მოითხოვენ სასწრაფო შეთანხმებას მათ გასათავისუფლებლად.
ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი ომს “სრულ გამარჯვებამდე” აწარმოებს. ისრაელის ოფიციალური პირების თქმით, ომმა შესაძლოა თვეები გასტანოს.