ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ სამხრეთ ღაზაში, ხან იუნისში მდებარე გაერო-ს თავშესაფარზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტს იძიებენ.
ისრაელის თავდაცვის ძალებში გამორიცხავენ, რომ მომხდარი მათი ძალების საჰაერო ან საარტილერიო დარტყმის შედეგი იყო.
“ჩვენი ოპერატიული სისტემების შემოწმების შემდეგ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გამორიცხა, რომ ეს ინციდენტი თავდაცვის ძალების საჰაერო ან საარტილერიო დარტყმის შედეგი იყო. მიმდინარეობს ძალების ოპერაციების საფუძვლიანი მიმოხილვა მიმდებარე ტერიტორიაზე”, – აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში და განმარტავენ, რომ შესაძლოა, დარტყმა „ჰამასის“ მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგი იყოს.
გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, ხან იუნისის დასავლეთ ნაწილში მდებარე ერთ-ერთ სასწავლო დაწესებულებას, რომელსაც 800-მდე ადამიანი აფარებდა თავს, ორი სატანკო ჭურვი მოხვდა, რის შედეგადაც სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა და 75 დაშავდა. ორგანიზაციის კომისარმა თავდასხმა ომის ძირითადი წესების აშკარა უგულებელყოფად შეაფასა.
მომხდარს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტშიც გამოეხმაურნენ. დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ვედანტ პატელმა თავდსხმას ”წარმოუდგენლად შემაშფოთებელი” უწოდა და განაცხადა, რომ ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობა დაცული უნდა იყოს.