ქუჩის ნარკოტესტირების „ნულოვან ტოლერანტობაზე“ მკაცრი კონტროლი შემოდის — იმნაძე

ნარკოპოლიტიკის გასამკაცრებლად დაგეგმილ ცვლილებებს, რაც „ოცნების“ სპიკერმა მ დააანონსა, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი გურო იმნაძე ეხმაურება და აცხადებს, რომ რეალური დანიშნულება ადამიანების იძულებითი ნარკოტესტირებაა.
იურისტის თქმით, კანონპროექტი კონტროლის კიდევ ერთ იარაღია პოლიციის ხელში, რაც ხელისუფლებისთვის მიუღებელი ადამიანების წინააღმდეგ იქნება გამოყენებული და კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს პრობლემას, რაც ნამდვილად არსებობს საქართველოში ნარკოპოლიტიკის თვალსაზრისით.
„დაანონსებულ ცვლილებებს 3 მსხვილი მიმართულება აქვს:
· ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის შედეგად მიღებული შემოსავლის ლეგალიზება — ამ კუთხით ჩვენს კანონმდებლობაში არანაირი პრობლემა არ არსებობდა აქამდეც. ნარკოტიკებით ვაჭრობის შედეგად მიღებული შემოსავალი არის უკანონო შემოსავალი და მასზე ის სამართლებრივი რეჟიმი ისედაც ვრცელდება, რაც აქამდე ზოგადად უკანონო შემოსავალზე ვრცელდება. აქ მხოლოდ ტერმინოლოგიური დაზუსტებაა და არაფერ ახალ სამართლებრივ ან პროცესუალურ ინსტრუმენტს ეს ცვლილებები არ აჩენს პოლიციისთვის.
· მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების კრიმინალიზება – რეალურად, აქ საკანონმდებლო ხარვეზი ნამდვილად გვაქვს, რადგან მოქმედი კანონმდებლობით, მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღება სისხლის სამართლის წესით არ ისჯება. უბრალოდ, ჩვენს კანონმდებლობაში ისევ იმიტომ, რომ მცირე ოდენობები ძალიან ბევრ ნივთიერებას არ გააჩნია, პრაქტიკაში ამ ხარვეზს ამიტომ არ შეუქმნია პოლიციისთვის დიდი პრობლემა (ასე რომ არ ყოფილიყო, დიდი ხნის წინ ამოავსებდნენ ამ საკანონმდებლო ხვრელს). სხვათა შორის, 2017 წელს სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული ნარკოპოლიტიკის დიდი რეფორმა ამ ხარვეზის აღმოფხვრასაც ითვალისწინებდა.
· ადამიანების იძულებითი ნარკოტესტირება – ჩემი აზრით, მთელი ამ კანონპროექტის რეალური მიზანი სწორედ ამ ცვლილებების განხორციელებაა, რომლითაც ქუჩის ნარკოტესტირების იმაზე მკაცრი რეგულირება შემოდის, ვიდრე „ნულოვანი ტოლერანტობის“ ზენიტში გვქონდა. ამ ცვლილებებით, იძულებით ნარკოტესტირებაზე ნებისმიერი ფორმით უარი ხდება დასჯადი, ხოლო განმეორებით ამ ქმედების ჩადენა უკვე სისხლის სამართლის წესით დაისჯება“, — წერს იმნაძე.
გურო იმნაძის თქმით, ქუჩის ნარკოტესტირება დიდი ხნის მანძილზე აქამდეც ყოფილა კონტროლის იარაღი პოლიციის ხელში. მაგალითად, მაშინ, როდესაც პოლიციას ყოველდღიურად 50 000-60 000 ადამიანი გადაჰყავდა ნარკოლოგიურში შარდის ჩასაბარებლად. მათგან ორი მესამედ-ზე მეტი კი იძულებით და ტყუილად აღმოჩნდებოდნენ ხოლმე გადაყვანილი. თუმცა პროცედურის მანძილზე ადამიანები პოლიციის მხრიდან შანტაჟის, მუქარის, ნარკოტიკის ჩადების საფრთხის ქვეშ იყვნენ.
„როგორც ჩანს, სწორედ ამ მექანიზმის ახლიდან და უფრო ბრუტალურად ამოქმედებას გეგმავს ხელისუფლება და ადვილი გამოსაცნობია, ჩვენი საზოგადოების რა ნაწილის წინააღმდეგ მიმართავს მას“, — წერს იმნაძე.
იურისტის შეფასებით დაანონსებული ცვლილებები არ პასუხობს პრობლემებს, რომლებიც ნამდვილად არსებობს ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის თვალსაზრისით. რომ არ იწარმოება ქვეყანაში ნარკოტიკის ზედოზირების რეალური სტატისტიკა; არ არსებობს „სწრაფი შეტყობინების მექანიზმი“; მკურნალობა და რეაბილიტაცია ხელმიუწვდომელი რჩება ბევრი ნარკოდამოკიდებულისთვის.
„გარდა ამისა, დღეს საქართველოშიც და გლობალურადაც, რადიკალურად იცვლება ნარკოტიკის დამზადების, ტრანზიტის, მისი გავრცელების თუ მოხმარების გზები და ფორმები. ამ რეალობასთან გასამკლავებლად კი არსებითად ახალი მიდგომებია საჭირო. ამ რეალობაში კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს პრევენცია და ზიანის შემცირება.
რაც შეეხება პოლიციას – სასაცილოც კი აღარაა, როცა გვაჯერებენ, რომ დღევანდელ ნარკოვითარებას პოლიცია იმით გაუმკლავდება, რომ ისევ ათეულ ათასობით ჩვენს მოქალაქეს დაუწყებენ ნარკოლოგიურებში თრევას (როგორც წესი, 1 ადამიანის გადაყვანას მინიმუმ 3 პოლიციელის მინიმუმ 5-6 საათი ჭირდება). აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი ისაა, რომ წინათ თუკი ნარკოლოგიურში გადაყვანის ერთ-ერთი მიზანი ის იყო, რომ მომხმარებელს საბოლოოდ გაემხილა, ვისგან და სად შეიძინა უკანონოდ მოხმარებული ნივთიერება, დღეს უკვე ეს მიზანიც არარელევანტურია, რადგან ადამიანები ჩეტბოტებით და სოციალური ქსელებით იძენენ ნარკოტიკს ისე, რომ წარმოდგენაც არ აქვთ, ამ ყველაფრის უკან ვინ შეიძლება იყოს.
ასე რომ, თუკი ვინმეს ქვეყნის ნარკოპოლიტიკის და მომავალი თაობების ბედი აღელვებს, იმედი უნდა გავუცრუო, რადგან ამ ცვლილებებით არაფერი შეიცვლება. უფრო პირიქით – ყველასგან დაიგნორებული პრობლემა კიდევ უფრო მეტად სახიფათო ფორმებს და მასშტაბებს შეიძენს“, — წერს გურამ იმნაძე.