“ქუჩაში გამოვიდეთ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ თან წამოვიღოთ თეატრი, რადგან მტკიცედ გვჯერა და გვწამს, რომ დღეს არ არსებობს წინააღმდეგობებით სავსე ქუჩებზე დიდი სცენა”

“…ჩვენ, თეატრის სფეროში დასაქმებულმა ადამიანებმა, ვინც ყოველთვის ჩვენი მაყურებლების აპლოდისმენტებითა და სიყვარულით ვიკვებებოდით, წინააღმდეგობის 2 თვის თავზე გადავწყვიტეთ გაფიცვა გადავიდეს შემდეგ ეტაპზე – მეორე მოქმედებაზე.
ქუჩაში გამოვიდეთ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ თან წამოვიღოთ თეატრი, რადგან მტკიცედ გვჯერა და გვწამს, რომ დღეს არ არსებობს წინააღმდეგობებით სავსე ქუჩებზე დიდი სცენა და არ არსებობს გარეთ გამოსულ ადამიანებზე უფრო მნიშვნელოვანი მაყურებელი!
ვინაიდან ვიაზრებთ ამ წინააღმდეგობაში ჩვენ პასუხისმგებლობას, ცხადია ჩვენი მოთხოვნები ვეღარ შემოიფარგლება მხოლოდ და მხოლოდ ვიწრო პროცედურული საკითხებით ან თუნდაც მხოლოდ ტყვეების განთავისუფლებით.
ჩვენ მოვითხოვთ ყველაფერს, რაც საჭიროა ჭეშმარიტად დემოკრატიული ქვეყნის ასაშენებლად.
საგაფიცვო მოთხოვნები ჩამოყალიბდა საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის ინტერესებზე. ჩვენ მოვითხოვთ უკეთეს სოციალურ სისტემას, ხელმისაწვდომ განათლებას, საერთო საცხოვრებლებს სტუდენტებისთვის, გამოსახლების აკრძალვას, საბანკო საპროცენტო განაკვეთების შემცირებას, უკეთეს ანაზღაურებას არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ყველა მშრომელისთვის და რაც მთავარია, ღირსეულად სწავლის, მუშაობის და ცხოვრების უფლების გარანტიას მთელი საზოგადოებისთვის.
გპირდებით, ამ მოთხოვნებით თეატრი მოედება ქუჩებს და გამზირებს, სხვადასხვა ქალაქებს, საქართველოს კუთხეებსა და რეგიონებს და არ დავიხევთ უკან, სანამ არ მივაღწევთ სასურველს.
ვითხოვთ ახალ არჩევნებსა და რეჟიმის პატიმრების თავისუფლებას, რადგან ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომელსაც შეუძლია დაასრულოს პოლარიზაცია და ქვეყანა დააბრუნოს მშვიდობიან დამოკრატიული სვლის რელსებზე.
სოლიდარობა და თავისუფლება ანდროს და სისტემის ყველა უკანონო ტყვეს! შევხვდებით ქუჩაში!” – წერს გილდია გავრცელებულ განცხადებაში