ქუთაისში, ყოფილი პარლამენტის შენობის მიმდებარედ პარკის მოწყობა იგეგმება. მუნიციპალური განვითარების ფონდი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისთვის ბაზრის კვლევას აცხადებს.
„საპროექტო არეალი მოიცავს წყალტუბო-ქუთაისის დამაკავშირებელ გზასა და ყოფილი პარლამენტის შენობას შორის ტერიტორიას, სავარაუდო ფართით – 70 ჰა,“ – აღნიშნულია ტექნიკურ დავალებაში.
დოკუმენტის მიხედვით, ახალი პარკის ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს:
· საბავშვო სათამაშო სივრცეები (ასაკობრივი დიფერენციაციით);
· სპორტული ზონები (ღია მოედნები, სავარჯიშო სივრცეები);
· რეკრეაციული ზონები – დასასვენებელი სივრცეები, გამწვანებული მარშრუტები;
· საველოსიპედო და საფეხმავლო ბილიკების ქსელი;
· ახალი სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობები;
· არქიტექტურული ობიექტები (მაგ. პავილიონები, საინფორმაციო ცენტრი, მომსახურების ინფრასტრუქტურა, პერგოლები და სხვა);
· კულტურული და საგანმანათლებლო სივრცეები (ღია სცენა, პავილიონი, ღონისძიებების მოედანი და სხვა);
· ლანდშაფტური და წყლის ობიექტები (მაგ. წყლის სარკე, დეკორატიული ტბა, შადრევნები);
· ავტოპარკინგი;
· ჭადრაკის მაგიდები;
· სასმელი წყლის შადრევნები;
· ფურნიტურა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გასაწევი მომსახურება შედგება 4 ძირითადი ეტაპისგან, რომლებიც ეტაპობრივად ჩაბარდება დამკვეთს. მომსახურების მიწოდების პირველი სამი ეტაპის საერთო ვადა შეადგენს 8 თვეს, რაც აითვლება ხელშეკრულების ხელმოწერიდან.
