„საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ოფიციალურად გაიხსნა ქუთაისში — ამჯერად არა როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ), არამედ როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია.
ცენტრის ხელმძღვანელი მარიკა ვაჭარაძეა, რომელიც მანამდე მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, იმერეთის რეგიონში.
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო სახელმწიფო ცენტრი 2005 წელს შეიქმნა. მისი დაარსების მიზანი საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციასთან (ნატო) ინტეგრაციის საკითხებზე მოსახლეობისათვის ამომწურავი, ობიექტური ინფორმაციის მიწოდება და ამით მოსახლეობის გაცნობიერებული მხარდაჭერის მოპოვება იყო. 2013 წლიდან კი ამ ამოცანას კიდევ ერთი მიმართულება დაემატა – ევროკავშირი და მის საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებული აქტივობები. ამ დროიდან მოყოლებული, მას ეწოდება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი. უწყება თავდაპირველად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ბაზაზე შეიქმნა, შემდეგ კი საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ გახდა. თუმცა მიმდინარე წლის რეორგანიზაციის შედეგად, სსიპ-ის ლიკვიდაცია განხორციელდა და ცენტრი სამინისტროს ცენტრალურ აპარატს შეუერთდა.
საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ უკვე არასამთავრობო ორგანიზაციის სახით, საგარეო უწყებიდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა დააფუძნეს.
„ჩვენი მთავარი მისიაა მოქალაქეებს მივაწოდოთ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ რეალური, ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია, რომლებმაც განსაზღვრა ევროპის ქვეყნების უსაფრთხოება, განვითარება და თავისუფლება. ჩვენ გვჯერა, რომ ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალი მხოლოდ პოლიტიკური ელიტის გადასაწყვეტი არ არის. ეს არის მთელი საზოგადოების არჩევანი — არჩევანი, რომელიც დგას ინფორმირებულობაზე, ცნობიერებაზე და პასუხისმგებლობაზე. ჩვენ არ ვქმნით პოლიტიკურ გზავნილებს, ჩვენ ვქმნით ცოდნას! და სწორედ ამიტომ, ჩვენი საქმიანობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია დღეს, როცა საქართველოში ქვეყნის ევროპულ მომავალზე გაჩნდა კითხვები და გაურკვევლობა. ჩვენი კარები ღიაა ყველასთვის — საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის“, — ნათქვამია საინფორმაციო ცენტრის განცხადებაში.




