ქუთაისში, მოქალაქეები პოლიციელზე წინააღმდეგობისა და ძალადობის ბრალდებით დააკავეს

პოლიციელებსა და ექიმებზე ძალადობისა და წინააღმდეგობის მუხლებით ქუთაისში რამდენიმე მოქალაქე დააკავეს.
ინფორმაცია თავდაპირველად ადგილობრივმა მედიამ, “ინფო-იმერეთმა” გავრცელა. გამოცემის ცნობით რამდენიმე პირი ერთ-ერთ კლინიკაში ნარკოტესტის გასაკეთებლად გადაიყვანეს, მათ კი უარი თქვეს პროცედურაზე და ჯერ ექიმებს, შემდეგ კი პოლიციელებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
ნეტგაზეთი დამატებითი დეტალების გასარკვევად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე – ძალადობისა და 353-ე მუხლებით – წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ. უწყება არ აკონკრეტებს რამდენი ადამიანია დაკავებული, რა დაზიანებები მიიღეს პოლიციელებმა, ან სამედიცინო პერსონალმა და ა.შ.