ქუთაისი-ლენტეხი-უშგულის საავტომობილო გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამ დროისთვის პრობლემები რჩება ლენტეხის რამდენიმე სოფელში.
უფრო კონკრეტულად, სტიქიამ დააზიანა ორი სოფლის – ჩუკურისა და ნაკიშერის დამაკავშირებელი ხიდი, რის გამოც სოფლებთან დამაკავშირებელი პირდაპირი გზა აღარ არსებობს. ასევე, გარესამყაროს მოწყვეტილად ითვლება სოფელი ბავარი.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა.
შექმნილია საგანგებო შტაბი, მიმდინარეობს ზარალის დათვლა.
წუხელ, გვიან ღამით, ძლიერი წვიმის შედეგად საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა, რამაც ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება გამოიწვია. გადაადგილების პრობლემა შეექმნათ ტურისტებსაც, თუმცა საბოლოოდ, მათი უსაფრთხო ადგილას გაყვანა მოხერხდა.
