საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის, ავთანდილ კასრაძის ინფორმაციით, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი წლის ბოლომდე მთლიანად გაიხსნება. ამის შესახებ ავთანდილ კასრაძემ გადაცემა “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში განაცხადა.
როგორც ავთანდილ კასრაძე აღნიშნავს, საქართველო რეგიონში ტექნოლოგიების განვითარების მიმართულების ჰაბი გახდება.
“ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში, ამ ეტაპზე, მსხვილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს, გამომდინარე იქიდან, რომ პარლამენტის შენობა იყო, თუმცა გადაკეთებას ექვემდებარება. მთელს ამიერკავკასიაში, ძალიან მაღალ ტექნოლოგიურ ჰაბს მივიღებთ, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე შინაარსობრივი თვალსაზრისითაც. ასევე, მთელს ამიერკავკასიაში ერთადერთი ინტერაქციული სამეცნიერო მუზეუმი იქნება, ასევე ტუმოს საერთაშორისო სკოლა, რომელიც სკოლის მოსწავლეებისთვის კრეატიული შინაარსის მატარებელი იქნება და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით ადამიანებს მოამზადებს. ასევე წარმოდგენილი გვექნება – ყველაზე დიდი ტექნოლოგიური პარკი და ყველა წამყვანი ლაბორატორია, რაც არსებობს: დაწყებული რობოტ ტექნიკიდან, ვირტუალური რეალობით გაგრძელებული… ვისაც კი რაიმე იდეა გაუჩნდება, შეუძლებელია იქ ფრთები ვერ შეასხას. წლის ბოლომდე მთლიანად გავხსნით, ეტაპობრივად შეიძლება, უფრო მალეც მოხდეს ეს ყველაფერი, რაღაც მონაკვეთები გაიხსნას. ვიმეორებ – ჩვენი მიზანია, რეგიონალური ჰაბი გავხდეთ”, – აღნიშნავს ავთანდილ კასრაძე.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის კონცეფციის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მსოფლიოში ტექნოლოგიების უპრეცედენტო ტემპით განვითარება ახალ შესაძლებლობებს აძლევს ადამიანებს და აძლიერებს ეკონომიკას. მისივე თქმით, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი ინოვაციების, შესაძლებლობების და კრეატივის სივრცე იქნება, რაც საქართველოს ციფრულ და ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს.
“ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი იქნება მულტიფუნქციური ცენტრი, რომელიც გააერთიანებს უმაღლესი დონის ტექნოლოგიურ ლაბორატორიებს, საერთაშორისო IT-სკოლებს, მსოფლიო დონის სამეცნიერო მუზეუმს, საერთაშორისო აქსელერატორებს და ინკუბატორებს. აქ განთავსდება ხელოვნური ინტელექტის ე.წ. ექსელენს-ცენტრი და წამყვანი საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების ოფისები, რაც განვითარების უნიკალურ შესაძლებლობებს შექმნის არა მხოლოდ ქუთაისის და იმერეთის რეგიონის მცხოვრებლებისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის. ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის კონცეფცია ორიენტირებულია ახალგაზრდებზე, რათა მათ ჰქონდეთ შესაბამისი გარემო საკუთარი უნარების განსავითარებლად, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით არსებული ინტერესების გამოვლენისა და რეალიზებისთვის,“- განაცხადა პრემიერმა.
Bp.ge
