ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქებს “ოცნების” განათლების რეფორმას

აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (აწსუ) ეხმაურება “ქართული ოცნების” განათლების რეფორმას, რომელსაც ოპონენტები “დეფორმად” მოიხსენიებენ.
უნივერსიტეტის ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში რეფორმა დადებითადაა შეფასებული.
შეგახსენებთ, რომ აწსუ იმ რამდენიმე უნივერსიტეტს შორისაა, რომელიც ცვლილების შემდეგაც ინარჩუნებს მრავალფუნქციურ სპეციალობებს და არ გაუუქმდება ფაკულტეტები. ეს იმ ფონზე, როცა საჯარო უნივერსიტეტთა უმრავლესობაში გაუქმდა პროგრამების უდიდესი ნაწილი, რაც, თავის მხრივ ამცირებს მისაღები სტუდენტების რაოდენობას.
“განათლების რეფორმა თანამედროვე უნივერსიტეტების განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის ეფუძნება შრომის ბაზრის ანალიზს, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების გაუმჯობესებასა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას. განათლების რეფორმა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქმნის საფუძველს ინსტიტუციური მდგრადობის, ხარისხის ზრდისა და წარმატებაზე ორიენტირებული განათლების სისტემის ჩამოყალიბებისთვის. სწორად დაგეგმილი და თანმიმდევრულად განხორციელებული რეფორმები უნივერსიტეტს აქცევს არა მხოლოდ სასწავლო, არამედ კვლევითი და რეგიონული განვითარების სტრატეგიულ ცენტრად”, – აცხადებენ აწსუ-ში.
“ქართული ოცნების” განათლების რეფორმა უმაღლესი განათლების სფეროში ეფუძნება პრინციპს “ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი”. ამის საფუძველზე, განათლების სამინისტრომ განსაზღვრა, რომელ უნივერსიტეტს რომელ ფაკულტეტზე შეეძლება სტუდენტების მიღება.
გუშინ, 12 თებერვალს გამოქვეყნებული სიის მიხედვით, 19 სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ფაკულტეტებსა და სპეციალობებს ინარჩუნებენ მხოლოდ ქუთაისსა და ბათუმში მოქმედი სახელმწიფო უნივერსიტეტები. მათ შორისაა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიც. თითქმის ყველა სხვა უნივერსიტეტი კარგავს სასწავლო პროგრამებსა და სტუდენტებს. მაგალითად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეში უქმდება 55 პროგრამა, რითაც სასწავლებელი პროგრამებისა და მისაღები სტუდენტების დაახლოებით 90%-ს დაკარგავს.
“ოცნების” გადაწყვეტილებით:
· თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღება გამოცხადდება ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა: ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები პედაგოგიკის გამოკლებით, სამართალი, ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები;
· საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღება გამოცხადდება საინჟინრო-ტექნიკურ დისციპლინებზე;
· სამედიცინო უნივერსიტეტში მიღება გამოცხადება მედიცინის სპეციალობებზე;
· ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში – პედაგოგიკის პროგრამებსა და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობებზე;
· სოხუმის უნივერსიტეტში – აგრარულ სპეციალობებზე, ქართულ-აფხაზურ ენასა და ლიტერატურაზე, პედაგოგიკის სპეციალობებზე;
· სახელოვნებო უნივერსიტეტები სტუდენტებს მიიღებენ შესაბამის სპეციალობებზე;
· ბათუმისა და ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტები შეინარჩუნებენ მრავალფუნქციურ დატვირთვას;
· ზუგდიდის, გორის, ახალციხისა და თელავის უნივერსიტეტებში აქცენტი გაკეთდება აგრარულ სპეციალობებზე, ტურიზმის მიმართულებასა და პედაგოგიკაზე.
ამავე თემაზე:
· მზექალა შანიძე: ხელმძღვანელობა ავიწროებს და ზღუდავს საუნივერსიტეტო განათლების სფეროს
· რომელი უნივერსიტეტი რამდენ სტუდენტს (არ) დაკარგავს „ოცნების“ რეფორმით