„ქოცების სასამართლოში არ მივალ და არავის წინააღმდეგ ჩვენებას არ მივცემ“ — მაკო გომური გახარიაზე

2019 წლის 20 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს დაზარალებული მაკო გომური ეხმაურება მაშინდელი მინისტრის და აწ ოპოზიციონერი გიორგი გახარიას წინააღმდეგ „ოცნების“ მიერ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას, სწორედ 20 ივნისისა და ჩორჩანას საქმეებზე.
მაკო გომური გიორგი გახარიას მიმართ ახლა კრიტიკულ განცხადებას აკეთებს, თუმცა ამბობს, რომ „ქოცების სასამართლოში“ ჩვენებას არავის წინააღმდეგ მისცემს.
გიორგი გახარია, რომელიც 2019 წელს „ქართული ოცნების“ მთავრობაში შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, შემდეგ პრემიერ-მინისტრად დააწინაურეს, დღეს „ქართული ოცნების“ ოპოზიციაშია. მის წინააღმდეგ რომ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 20 ივნისის და ჩორჩანის საქმეებზე, დღეს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა ბრიფინგზე.
„ორი მხარეა: ერთი, რომ ქოცების სასამართლოს მიერ გასამართლებული ადამიანია [გახარია], მითუმეტეს რომელიც მათ წინააღმდეგ მიდის. მეორე მხარე არის ის, რომ თითქოს მაგალითივით არის — ნებისმიერ ადამიანს, ვინც ოდესმე ხალხის წინააღმდეგ წავიდა, უსამართლობაზე თვალი დახუჭა, არაერთხელ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ სწორი მხარე აერჩია. თუ მართლა უდანაშაულო იყო იმ საქმეში (20 ივნისის საქმე ავიღოთ პირობითად), დამდგარიყო სწორ მხარეს, ეღიარებინა თავის დროზე და ჩვენთვის სასიკეთო გაეკეთებინა რამე. განა მხოლოდ ეთქვა, რომ „პასუხისმგებლობას ვიღებ“, არამედ შეეძლო, რომ საქმეშიც გამოეხატა ეს პასუხისმგებლობა.
ამ მხრივ რომ შევხედავთ, ძალიან მშვენიერი მაგალითია გახარია იმ ადამიანებისთვის, ვინც დღეს ამ სისტემას ყურმოჭრილი მონებივით ემსახურებიან, რომ იცოდნენ, რამხელა ორმოში არიან ჩაყრილები. და როდესაც ბევრი წლის მიერ მოუნდებათ, დატოვონ ეს ძალიან ადგილი, რა ბედიც ეწევათ. მჯერა, აბსოლუტურად ყველა ადამიანს, ვინც დღეს ქოცებთან ერთად არის, აუცილებლად დაუდგება ეს დღე.
გარდა იმისა, რომ პასუხისმგებლობა აიღო [20 ივნისზე], გახარიას მხრიდან არანაირი ქმედებები არ მოჰყოლია. და რაზე აიღო პასუხისმგებლობა? ყველა ინტერვიუში, დღემდე რაც ჰქონია, იძახის, რომ შტურმი მოიგერია და ეს იყო მისი მხრიდან სწორი ნაბიჯი. რა იყო სწორი ნაბიჯი? შტურმის მოგერიება, რომ ხალხისთვის თვალები ამოეთხარა? სიგიჟეა.
ქოცების სასამართლოში არასდროს არ მივალ და არავის წინააღმდეგ არ მივცემ ჩვენებას“, — ამბობს მაკო გომური ტვ პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში.
გახარიას ბრალად ედება 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ორზე მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება.
ვრცლად გიორგი გახარიასთვის წარდგენილი ბრალის შესახებ წაიკითხეთ აქ:
გახარიას 20 ივნისის და ჩორჩანას საქმეებზე ბრალი წაუყენეს

ასევე დაგაინტერესებთ

“სფერო ჰოლდინგის” დირექტორი მოსამართლეს – ახალ წლამდე მომეცით ვადა პრობლემების მოგვარება მოვახერხო, თუ ვერ მოვახერხებ, დამაკავეთ, მაქვს კლაუსტროფობია, უცხოეთშიც ვერ მივდივარ – ჩვენი დაკავებით დაზარალებულთა რაოდენობა გაიზრდება