ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი – “არდი” აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს

მიწისძვრების, წყალდიდობების, დიდთოვლობის თუ სხვა ბუნებრივ სტიქიათა შემთხვევების ზრდის ფონზე, ქონების დაზღვევა ფინანსური კეთილდღეობის ერთგვარი გარანტი ხდება, რომელიც უზრუნველყოფს დაზიანებული შენობა-ნაგებობების აღდგენისა და ჩანაცვლებისთვის გაუთვალისწინებელი ხარჯების ანაზღაურებას, რომლებიც, სხვა შემთხვევაში, საოპერაციო შეფერხებებსა თუ ფინანსურ წნეხს გამოიწვევდა. უძრავი თუ მოძრავი ქონების მფლობელთათვის დაზღვევა არა მხოლოდ სიფრთხილის ზომა, არამედ სტაბილურობასა და მდგრადობაში ინვესტირებაა.
“არდიში” მიაჩნიათ, რომ ქონების დაზღვევა, ჯანმრთელობის დაზღვევის მსგავსად, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროდუქტია, რომელიც დაზღვეულის სიმშვიდის გარანტად შეიძლება იქცეს და კოლოსალური დანახარჯებისგან იხსნას. იმ ფონზე, რომ დაზღვეულ ქონებათა დიდი ნაწილი საბანკო დაწესებულების მოთხოვნით, სასესხო ვალდებულების გამოა დაზღვეული, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სექტორმა მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებაზე იზრუნოს და ის უპირატესობები გააცნოს, რაც ქონების დაზღვევას ახლავს.