„ქოლცენტრების საქმეზე” პროკურატურამ ხუთი პირის მიმართ დევნა დაიწყო

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „ქოლცენტრების საქმეზე”, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით, ხუთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პროკურატურა “ევროჯასთის” მხარდაჭერით ე.წ. თაღლითური ქოლცენტრების საქმიანობის წინააღმდეგ საბრძოლველად, არაერთი წელია, აქტიურად თანამშრომლობს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და სხვადასხვა ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებთან.
ბრალი წარდგენილი აქვთ ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორებს და ორგანიზებული ჯგუფის წევრებს.
გამოძიების ვერსიით, „ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საქართველოში დაფუძნებული საწარმოების ბაზაზე მოაწყვეს ე.წ. ქოლცენტრი. ქოლცენტრის თანამშრომლები, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, უკავშირდებოდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეებს, ეცნობოდნენ გამოგონილი სახელებით, მათი კომპანიის ადგილსამყოფლის შესახებ აწვდიდნენ ყალბ ინფორმაციას და სთავაზობდნენ ფასიანი ქაღალდების, აქციების, სასაქონლო აქტივების, ვალუტების და კრიპტოვალუტების ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით.
ოპერატორები მომხმარებლებს არწმუნებდნენ, რომ მათი დახმარებით ფასების ზრდა-შემცირებაზე ელექტრონული ვაჭრობის შემთხვევაში, შეძლებდნენ სოლიდური მოგების მიღებას. რეალურად, დაზარალებულთა მიერ ელექტრონული ვაჭრობისთვის გამოყოფილ ფულად თანხებს თაღლითურად ეუფლებოდნენ.
უკანონოდ მოპოვებული თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, დანაშაულებრივი ჯგუფის კონტროლის ქვეშ არსებულ საბანკო ანგარიშებზე მრავალჯერადი ფიქტიური ტრანზაქციების შედეგად, თანხის ჩართვა ხდებოდა ეკონომიკურ ბრუნვაში სხვადასხვა, მათ შორის უძრავი ქონებების შეძენის მიზნობრიობით.
აღნიშნული სქემით ორგანიზებული ჯგუფის მიერ განხორციელდა თაღლითურად დაუფლებული ათეულობით მილიონი ლარის ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია”.
პროკურატურის განცხადებით, ხუთივე ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამავე განცხადების თანახმად, ყადაღა დაედო ბრალდებულების საკუთრებაში არსებულ რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების უძრავ ქონებას, რითაც მათ არ მიეცათ მისი შემდგომი განკარგვისა და გადამალვის შესაძლებლობა.
პროკურატურა აცხადებს, რომ დანაშაულებრივი წარმომავლობის ხსენებული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, გაატარებს შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს.
ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
„აღსანიშნავია, რომ დანაშაულის ორგანიზატორები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის რეგენსბურგის რეგიონული სასამართლოს მიერ კომერციული და ჯგუფური თაღლითობისთვის უკვე გასამართლდნენ”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
„ქოლცენტრების საქმემ” საქართველოში განსაკუთრებული აქტუალობა მას შემდეგ შეიძინა, რაც BBC-მ ამ თემაზე ჟურნალისტურ გამოძიება მოამზადა.
BBC Eye-ის მიერ გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში ე.წ. ქოლცენტრების მასშტაბური თაღლითური სქემის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ტელეკომპანია „ფორმულის” დამფუძნებელი დავით კეზერაშვილია დასახელებული.
BBC-ს გამოძიების მიხედვით, თაღლითობასთან კავშირი დავით კეზერაშვილმა და სხვა დასახელებულმა პირებმა უარყვეს.
BBC Eye-ის გამოძიება ძირითადად Milton group-ის სახელით ცნობილ მასშტაბურ ქსელსა და მის პარტნიორ კომპანიებს შეეხება, რომლებმაც, თაღლითური სქემებით, მილიარდ დოლარზე მეტი გამოსძალეს “უბრალო ინვესტორებს” და უპირატესად ყველაზე მოწყვლად ფენას – პენსიონერებს.
ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში, ვერ მიაგნეს საჯარო დოკუმენტებს, რომლებიც Milton-ამდე არსებულ ქსელთან კეზერაშვილის პირდაპირ კავშირს დაადასტურებდა; მაგრამ გამომძიებელმა ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, რომ Panama Papers-ში მისი გვარი ხშირად მეორდებოდა, როგორც ქსელის მშობელი კომპანიების დამფუძნებლის, ანდა მსხვილი მეწილის.
BBC Eye-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალებში მითითებულია, რომ ვერ მიაკვლიეს საჯარო დოკუმენტებს უშუალოდ Milton-ის ჯგუფთან კეზერაშვილის კავშირის შესახებ და ასევე, არ არსებობს მტკიცებულებები, რომ მას ამ ქსელთან „პირდაპირი ფინანსური ინტერესი“ აკავშირებს.
თუმცა Milton-ის ჯგუფის რამდენიმე ყოფილი თანამშრომლის მიერ კონფიდენციალურად მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ტექსტში აღნიშნულია, რომ მათი ცოდნით, კეზერაშვილი ამ ჯგუფში იყო ჩართული.
ტექსტის თანახმად, ასევე:
· დავით კეზერაშვილი „არეკლამებდა თაღლითურ სავაჭრო პლატფორმებს თავის პერსონალურ ანგარიშებზე სოციალურ მედიაში“, „ბიზნეს სოციალურ ქსელ LinkedIn-ზე ის თავის ანგარიშს იყენებდა თითქმის მხოლოდ Milton-თან დაკავშირებული კომპანიების ვაკანსიების რეკლამირებისთვის და პოსტების გასაზიარებლად“.
· კეზერაშვილის რამდენიმე კომპანია იყენებდა ელექტრონული ფოსტის კერძო სერვერს, რომელსაც მხოლოდ Milton-ის ჯგუფის კომპანიები იყენებდნენ.
· მისი კომპანია Infinity VC ფლობდა იმ კომპანიების ბრენდინგისა და ვებდომენებს, რომლებიც უზრუნველყოფდნენ სავაჭრო პლატფორმის ტექნოლოგიას თაღლითებისთვის.
· კეზერაშვილს ეკუთვნის შენობა კიევში, რომელშიც ფუნქციონირებდნენ როგორც თაღლითური ქოლცენტრი EverFX-ი, ასევე საპროგრამო უზრუნველყოფის მიმწოდებელი ტექნოლოგიური ფირმები, „სადაც პოლიციამ რეიდი მოაწყო ნოემბერში“. „მას ასევე ეკუთვნის საოფისე შენობა თბილისში, სადაც განთავსებული იყო ზოგიერთი ასეთივე ტექნოლოგიური კომპანია“.
BBC წერს, რომ შეამოწმა Milton-ის ჯგუფის მაღალი რანგის ოთხი წარმომადგენლის ანგარიშები სოციალურ ქსელებში და მათ შორის ქორწილისა და სხვა წვეულებების ფოტოებით დაადასტურა, რომ „ყველა მათგანს ახლო სოციალური კავშირი აქვს კეზერაშვილთან“ და „კეზერაშვილის ფეისბუკმეგობარია Milton-ის ჯგუფის თაღლითობასთან დაკავშირებული, სულ ცოტა, 45 ადამიანი“, ხოლო „BBC-ის მიერ იდენტიფიცირებული ოთხი მაღალი რანგის პირიდან ერთ-ერთი მისი ბიძაშვილია“.
გამოძიების თანახმად, BBC მივიდა კეზერაშვილის 18 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეფასებულ სახლამდეც და მასთან საუბარიც ითხოვა, მაგრამ შეხვედრა ვერ მოხერხდა. კეზერაშვილმა BBC-ს ადვოკატების დახმარებით შეატყობინა, რომ „მტკიცედ უარყოფს Milton-ის ჯგუფში ყველანაირ ჩართულობას, ანდა თაღლითობის გზით ფინანსური სარგებლის მიღებას.“
BBC-ს თაღლითურ სქემებში მონაწილეობა არც სხვა ფიგურანტებმა დაუდასტურეს.
დავით კეზერაშვილმა BBC-ს მიმართა და მისგან ფაქტების უარყოფა მოითხოვა.
4 აგვისტოდან ტელეკომპანია “ფორმულის” საკონტროლო პაკეტის მფლობელი დავით კეზერაშვილი აღარაა – საჯარო რეესტრმა მას დაუკმაყოფილა მოთხოვნა და კუთვნილი 51-პროცენტიანი წილიდან 25 პროცენტი გადაეცა თანამშრომელთა გაერთიანებას – ააიპ “თავისუფლების ფორმულას.”

ასევე დაგაინტერესებთ