ქობულეთის საკრებულოს წევრი – „ნაციონალური მოძრაობა“ 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ აპირებს და აგრძელებს ბრძოლას 2003 წლის იდეალებისთვის, რომელიც აგებული იყო ევროპულ ფასეულობებზე

„ნაციონალური მოძრაობა“ 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ აპირებს და აგრძელებს ბრძოლას 2003 წლის იდეალებისთვის, რომელიც აგებული იყო ევროპულ ფასეულობებზე, – ამის შესახებ ქობულეთის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლაშა კომახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ძალა, რომელიც ყოველთვის უწევდა და გაუწევს წინააღმდეგობას რუსულ რეჟიმს და არ მისცემს მათ ლეგიტიმაციას.
„როგორც იცით „ნაციონალური მოძრაობა“ ივანიშვილის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ აპირებს და არ აპირებს რეჟიმს მიანიჭოს ლეგიტიმაცია. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას 2003 წლის იდეალებისათვის, რომელიც ემსახურება საქართველოს მოქალაქის სიძლიერეს.
მინდა მივმართო იმ მებრძოლებს, რომლებიც უკვე 200 დღეზე მეტია დგანან რუსთაველის გამზირზე და ებრძვიან რუსულ მმართველობას ამ ქვეყანაში – მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა” არის ყველაზე სანდო პარტნიორი ბრძოლაში და ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ იდგეთ ჩვენს გვერდით, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ არის ძალა, რომელიც ყოველთვის უწევდა და გაუწევს წინააღმდეგობას რუსულ რეჟიმს და არ მისცემს მათ ლეგიტიმაციას. ბრძოლა ბოლომდე, ბრძოლა გამარჯვებამდე!“, – განაცხადა ლაშა კომახიძემ, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.