ქვეყნის რეზერვების 11 %, $500 მლნ ჩაყარო ისეთ აქტივში, რომლის ფასი მკვეთრად მერყევია, უაზრობაა – რომან გოცირიძე

ეროვნულმა ბანკმა უნდა ახსნას 7 ტონა ოქროს შეძენის მიზანშეწონილობა, ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი ეროვნული ბანკის მიერ 7 ტონა ოქროს შეძენას. მისი თქმით, ამ ფაქტს არც საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიესალმებოდა.
„ქვეყნის რეზერვების 11%, $500 მლნ ჩაყარო ისეთ აქტივში, ოქროში, რომლის ფასი მკვეთრად მერყევია, იყიდო ღირებულების პიკზე, ჩამოიტანო თბილისში და დაასაწყობო, არის უაზრობა. ამ $500 მლნ-ს ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი დოლარი შემოსავალი მოჰქონდა.
ბოლო პერიოდში, ოქროს საკუთარ საცავებში ის ქვეყნები აბრუნებენ, რომლებიც დასანქცირებული არიან ან სანქციებს ელოდებიან.
ეროვნულმა ბანკმა უნდა ახსნას 7 ტონა ოქროს შეძენის მიზანშეწონილობა და ის დანაკარგები თუ შემოსავლები, რაც გრძელვადიან პერიოდში ამას შეიძლება მოჰყვეს.
როგორც გახდა ცნობილი, არც სავალუტო ფონდი მიესალმებოდა ამ ფაქტს“, – წერს რომან გოცირიძე.