ქვეყანაში რუსული კანონი არ არსებობს, არ მიღებულა – კალაძე 36 ქვეყნის ერთობლივ განცხადებაზე

თბილისის მერი, ჟენევაში ლიეტუვის მუდმივი მისიის მიერ გამოქვეყნებულ 36 ქვეყნის წარმომადგენლობის ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც საქართველოს მთავრობას მოუწოდებს გაიწვიოს რუსული კანონი პარლამენტიდან.
კახა კალაძის თქმით, ქვეყანაში რუსული კანონი არ მიღებულა და არ არსებობს.
კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ განცხადებაზე ხელმომწერმა ქვეყნებმა უნდა წარმოადგინონ არგუმენტები იმის შესახებ, თუ რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი.
თბილისის მერის თქმით, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის გადახედვა არ განიხილება.
“მეგობრობა გამოიხატება იმაში, რომ თუ რაიმე არასწორს ვაკეთებ, მომცე მითითება არგუმენტებით, რატომაა არასწორი ჩემი გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ როცა არანაირ ახსნა-განმარტებას მაძლევ, რატომაა აღნიშნული კანონპროექტი ცუდი, რაც გამჭვირვალობას ეხება, ეს მიუღებელია.
გამჭვირვალობა როგორ შეიძლება იყოს რუსული. სულელები ხომ არ ვგონივართ ქართველები ვინმეს?!
განათლებაც კარგი გვაქვს, ანალიზიც შეგვიძლია, ამიტომ, არგუმენტები არის საჭირო, რომ ავხსნათ, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი.
[…] ქვეყანაში რუსული კანონი არ არსებობს, არ მიღებულა”. – თქვა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას