“ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შედეგად, ჯავშნები ინდოეთიდანაც კი გაგვიუქმდა” – Winglet

ტურისტული კომპანია Winglet-ის დამფუძნებელი, ანა კირკიტაძე BM.GE-სთან აცხადებს, რომ 2024 წელი საკმაოდ მზარდი წელი იყო მათთვის, თუმცა ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო, ჯავშნები ინდოეთიდანაც კი გაუუქმდათ.
მისი თქმით, ინდოეთი ნაკლებად მგრძნობიარე ბაზარია, ევროპასა და ამერიკასთან შედარებით, თუმცა მათგანაც კი შესამჩნევი იყო არსებულ მოვლენებზე რეაგირება.
„2024 წელი საკმაოდ მზარდი პერიოდი იყო. დიდ გამოფენაზე ვიყავით, რათა ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა გაგვეზარდა. შესაბამისად, დიდი შეკვეთების მიღებაც დავიწყეთ. ინდოეთიდან შემოგვყავს სტუმრები. როგორც წესი, ინდოეთი ნაკლებად სენსიტიური ბაზარია, ვიდრე ევროპა და ამერიკა, მაგრამ წლის ბოლოსკენ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების პარალელურად, ინდოეთიდანაც კი დავინახეთ და ვიგრძენით რეაქციები, როდესაც ინდივიდუალური ჯავშნების გარკვეული ნაწილი გაუქმდა. ჯავშნების 20% მაინც გააუქმეს. ჯერჯერობით ჯგუფებზე არის მოთხოვნა, თუმცა ყველა მოვლენების განვითარებას ელოდება.
რაც შეეხება გამყვან [ტურიზმს], ტურები თითქმის ყველა მიმართულებით გვაქვს. ძალიან გაზრდილი იყო მოთხოვნა ზაფხულის პერიოდში გერმანიის მიმართულებით, რადგან საქართველო “ევრო 2024”-ზე გავიდა და აქედან გამომდინარე, ტურების რაოდენობამაც მოიმატა.
პანდემიის შემდეგ, პირველივე წელს გვქონდა რადიკალური ზრდა და შემდეგ უკვე მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა. ახლა კი, ვუბრუნდებით პანდემიამდელ პერიოდს“,- ამბობს Winglet-ის დამფუძნებელი.
მისივე თქმით, გასულ დეკემბერში, როდესაც დაგეგმვის ყველაზე დიდი მაჩვენებელია ხოლმე, ჯავშნები აღარ იყო. “ანუ ადამიანებს 2025 წლის სამოგზაურო კალენდარი არ დაუგეგმავს”, – აღნიშნა მან.