„ქვეყანაში არსებობს 500-ზე მეტი ქართული ვაზის ჯიში, რაც ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი გენეტიკური რესურსია მსოფლიოში“ – დავით სონღულაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან ერთად, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ვაზისა და ღვინის სამუზეუმო სივრცეში უმასპინძლა.
სტუმრებისთვის გაიმართა პრეზენტაციები თემაზე „ქართული ღვინო – მრავალფეროვნება და თვისებები“, რომელიც საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიას, ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციულ ტექნოლოგიასა და ქართული მეღვინეობის უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობას მოიცავდა. პრეზენტაციები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ წარადგინეს.
„ბატონ ს ინიციატივით დაიწყო ქართული ვაზის ჯიშების აღდგენის პროცესი. ეს პროექტი ეხება იმ უნიკალური კოლექციის შენარჩუნებასა და განვითარებას, რომლითაც საქართველო მსოფლიოში ცნობილია და ამაყობს; ქვეყანაში არსებობს 500-ზე მეტი ქართული ვაზის ჯიში, რაც ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი გენეტიკური რესურსია მსოფლიოში. დღეს შესაძლებლობა გვეძლევა, უკეთ შევისწავლოთ და მეტი ინფორმაცია მივიღოთ ამ მემკვიდრეობის შესახებ, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია”, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
დიპლომატებმა დაათვალიერეს ვაზისა და ღვინის სამუზეუმო სივრცე, სადაც ისტორიულ ჭრილშია წარმოდგენილი ქართული მევენახეობა-მეღვინეობის 8000-წლიანი განვითარების ეტაპები. ექსპოზიცია მოიცავს უნიკალურ არტეფაქტებს, საქართველოს რეგიონების ეთნოგრაფიულ მასალებსა და ქვევრში ღვინის დაყენებასთან დაკავშირებულ ექსპონატებს, რომლებიც ქართული ღვინის უძველეს და გამორჩეულ ტრადიციას ასახავს.
„ქართული ღვინო საქართველოს სიამაყეა, რომლის წარდგენაც ყოველთვის გვიხარია. ჩვენი მიზანია, მეტი ვიცოდეთ იმ სიმდიდრის შესახებ, რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია და უზრუნველვყოთ მისი სწორი და პროფესიონალური წარდგენა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ქართული ღვინო ქვეყნის სავიზიტო ბარათია და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული და ეკონომიკური რესურსი, რომელიც საერთაშორისო დონეზე საქართველოს ცნობადობას აძლიერებს”, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა
ვიზიტის დასასრულს იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელები ქართული ვაზის ჯიშურ მრავალფეროვნებას გაეცნენ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გამართული „ელჩების კონფერენცია 2025” თბილისში, 22–25 დეკემბერს იმართება.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს