ქვეყანას ევროპელი სტუმარი მოაკლდა და დაემატა აზიელი, რომელიც არაა მხარჯველუნარიანი – რესტორატორი

ქართულმა ტურისტულმა ბიზნესმა აზიურ ბაზრებზე გადაწყობა დაიწყო. კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ევროკავშირიდან ტურისტების ნაკადების კლების პარალელურად, მოთხოვნა სწორედ აზიური ბაზრებიდან, ჩინეთიდან და ინდოეთიდან ფიქსირდება. ჩინეთიდან ვიზიტების ზრდა უვიზო რეჟიმის ამოქმედებამ და პირდაპირმა ავიამიმოსვლამ წაახალისა.
შეცვლილ რეალობაზე გადაწყობა საქართველოს სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიისთვის არც თუ ისე მარტივი აღმოჩნდა. რესტორატორი მერიკო გუბელაძე ამბობს, რომ აზიელი ვიზიტორები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ევროპელებისგან. მისი თქმით, ტურისტების ეს სეგმენტი ნაკლებად ინტერესდება ადგილობრივი სამზარეულოთი და ნაკლებსაც ხარჯავს, რაც კერძო სექტორს გამოწვევების წინაშე აყენებს.
“რომ გითხრათ, რომ ევროპელი სტუმარი საერთოდ აღარ არის ბაზარზე, მოგატყუებთ. არის, მაგრამ შემცირებულია. თუ ადრე ძირითადად ევროპიდან და ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ქვეყნიდან იყვნენ სტუმრები, ამ ყველაფერს მოაკლდა ევროპელი სტუმარი და დაემატა ბევრი აზიელი სტუმარი.
ჩვენი პრობლემა აზიელ სტუმართან არის ის, რომ არ აქვთ ინფორმაცია ქვეყანაზე, თითქოს ვიღაცამ ძალით ჩამოიყვანა, უნდა გაძლონ და მერე დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში. ეს სეგმენტი არ არის მხარჯველუნარიანი.
ასევე ევროპელებთან განსხვავებით, ისინი არ არიან დაინტერესებული ადგილობრივი კულტურით და სამზარეულოთი. ეს არის ყველაზე დიდი ცვლილება და განსხვავება ევროპელ და აზიელ სტუმარს შორის. აზიელები ადრეც ჩამოდიოდნენ, მაგალითად იაპონიიდან. თუმცა მათ პირიქით – ძალიან აინტერესებდათ, რას ვაკეთებდით. წელს ამას ვერ ვხედავ”, – ამბობს რესტორატორი მერიკო გუბელაძე.