ეროვნული ლიგის მე-5 ტური 28 მარტს ორ ქალაქში დაიწყო და დღესვე დასრულდება.
თბილისის “დინამომ” ბოლო ორი მატჩი ფრედ დაასრულა და “დინამო არენაზე”, სადაც ცოტა ხნის წინ საქართველოს ნაკრებმა სომხეთს სძლია, “გარეჯს” უმასპინძლა. საგარეჯოელებმა სეზონი საკმაოდ კარგად დაიწყეს. Sportall.ge შეხვედრას ადგილიდან დააკვირდა. სამუშაო დღესა და საათებში გულშემატკივართა მხრიდან ინტერესი თითქმის არ ყოფილა. ტრიბუნაზე თემურ ქეცბაია იმყოფებოდა.
თბილისელთა მოედნის ცენტრში გამოცდილი ჯაბა კანკავა ამჯერად ნიკა ნინუას შეუწყვილდა, ვაკო გვილია კი განაცხადშიც არ ყოფილა. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი დისკვალიფიკაციის გამო ახალგაზრდულ ნაკრებში გამორჩეულ თორნიკე
მორჩილაძეს მოისაკლისებდა, 16 წლის საბა ხარებაშვილი კი, ვინც უკვე 19-წლამდელთა ნაკრებშია, მარცხენა მცველად ვიხილეთ.
“დინამომ” მე-15 წუთზე გაიტანა. მარჯვნიდან განვითარებული შეტევის შემდეგ კარში ჯერ მათე ვაწაძე ურტყამდა, მცველებიდან ასხლეტილი ბურთი კი ლუკა კუტალაძის კარის ბადეში ოთარ აფციაურმა გაახვია.
39 წლის კანკავა ჩვეულად მონდომებული, აქტიური და ხისტი იყო, ორთაბრძოლებში შესვლას არ ერიდებოდა. მასთან ჭიდილში ფრანგმა ფრენკ-ივ ბამბოკმა დაზიანება მიიღო და მატჩი ცოტა ხნით შეჩერდა. 71-ე წუთზე, ვახტანგ ბედოშვილთან ორთაბრძოლაში, ჯაბა სეზონში უკვე მეორედ გააფრთხილეს
ტაიმის ბოლოს ნინუამ ძველი დრო გაგვახსენა. მისი შორეული და დახვეწილი პასით ვაწაძე კარში სახიფათოდ ურტყამდა. პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე ანგარიშის გაორმაგება უკვე თავად ნინუას შეეძლო, ბურთი დასარტყმელ პოზიციაზე გაისწორა, თუმცა, ააცილა. მალევე, იმავე ნოდარ ლომინაძემ გაიმეორა.
მეორე ტაიმში სტუმრები “დინამოელთა” კარს მეტად მიუახლოვდნენ, თუმცა რეალური საგოლე ეპიზოდის შექმნა უჭირდათ. 71-ე წუთზე თბილისელთა რიგებში “ნიუკასლის” მომავალი ფეხბურთელი, ვახტანგ სალია შევიდა. სწრაფი შეტევის წაშლისთვის მან ყვითელი ბარათი მიიღო. 85-ე წუთზე მათე ქომეთიანის დარტყმული მეკარე მიხეილ მაქაცარიამ დააფიქსირა. საგარეჯოელების წნეხი გაიზარდა, მაგრამ უშედეგოდ.
სამშაბათს, 1-ელ აპრილს, გადადებულ მატჩში, ბათუმის “დინამო” თბილისის “დინამოს” უმასპინძლებს.
28.03. თბილისი. დინამო არენა
დინამო – გარეჯი 1:0
გოლი: 1:0 აფცაიაური (15).
ამ შეხვედრის პარალელურად,
“კოლხეთი” ფოთში, საკუთარ “ფაზისზე” დაბრუნდა, სადაც მინდვრის მშვენიერი საფარია, განათების დამონტაჟების შემდეგ კი თამაშების საღამოს ხილვა კიდევ უფრო საინტერესო იქნება. ფოთელთა მოწინააღმდეგე იმ დროისთვის მათსავით ერთქულიანი “გაგრა” იყო, რომელთა ძირითად შემადგენლობაში თორნიკე ოქრიაშვილი გამოჩნდა. “ოქრი” პასიურობდა, ნაკლებად დასამახსოვრებელი იყო, 66-ე წუთზე კი მოედანი დატოვა.
შეხვედრა მასპინძელთა აქტიურობით დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ხისტი ბრძოლა, რის შემდეგაც საკმაოდ ბევრი გაფრთხილებით მივიღეთ.
მეორე ტაიმის დაწყებიდან მალე, 53-ე წუთზე, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფორვარდმა, დავით გოცირიძემ საქართველოს ნაკრების ექსფეხბურთელის, ლევან გეგეჭკორის პასის შემდეგ თავით გაიტანა. მალევე, არჩილ დათუაშვილი თითქოს საპენალტოდ წაიქცა, მაგრამ მთავარმა მსაჯმა ავაზაშვილმა სხვაგვარად გადაწყვიტა.
79-ე წუთზე 19 წლის ბრაზილიელმა პედრო ბორხესმა ტექნიკის დემონსტრირების შემდეგ ლამაზი გოლი გაიტანა – 0:2.
28.03. ფოთი. ფაზისი
კოლხეთი 1913 – გაგრა 0:2
გოლები: 0:1 გოცირიძე (53), 0:2 ბორხესი (79).